LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 სასულიერო პირი ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს

115
-101681138-gettyimages-163421318-5b756aa58f2c9

“სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია”, – ამის შესახებ 13 სასულიერო პირის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი. სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი მრევლს მიმართავს და კორონავირუსის პანდემიის გამო ლიტურგიულ ცხორებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეპიდემიის გამო ღვთისმსახურებაზე შეკრებებისგან თავის შეკავება ქრისტეს ღალატი არ არის და “მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება”.

გთავაზობთ ერთობლივ განცხადებას უცვლელად:

“ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავად ადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა. ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“ იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათა საკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ეს თანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგია წარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“ (გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არის მონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა. მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშის განქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაც უფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა — ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაც და აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).

სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა. რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამ გახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად — იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44). იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთან ჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო და გავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა”,- წერია განცხადებაში.

magti 5g