სომხეთს საქართველოსთან აფხაზეთის რკინიგზის ვარიანტი არ განუხილავს ზემო ლარსის ალტერნატივად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარან კარაპეტიანმა განაცხადა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „პანარმენიან.ნეტ“-ი იუწყება, კარაპეტიანი ამობობს, რომ ლარსის ალტერნატივა აუცილებლად იქნება, თუმცა სად, ჯერ ამას არ აკონკრეტებს.
„აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განხილულა. განიხილებოდა სხვა ალტერნატიული ვარიანტები. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მოიძებნება. თუ გაინტერესებთ, იქნება თუ არა ლარსის ალტერნატივა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიახ, იქნება. დანარჩენზე – უკვე შემდეგ ვისაუბრებთ”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
„პანარმენიან.ნეტ“-ის ინფორმაციითვე, 24 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს ალტერნატიული საავტომობილო გზის შესახებ.
შეგახსენებთ, ქართულ მედიაში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ადასტურებს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს. კალაძე ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობაც არ ყოფილა. „პირველად მესმის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშრებით,“ – განაცხადა კალაძემ.
თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაცია არც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მხარეებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ მინდინარეობს.
საკითხის წამოწევას ოპოზიცია ხელისუფლების ღია ღალატად აფასებს.
აფხაზეთის რკინიგზის გახსნის ვერსია მას შემდეგ “გაცოცხლდა”, რაც თბილისში საქართველოსა და სომხეთის პრემიერების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზეც იყო საუბარი. სომხეთის პრემიერს ალტერნატიული მარშრუტები არ დაუსახელებია. ამის მიუხედავად, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ალტერნატივად აფხაზეთის გავლით დამაკავშირებელი სარკინიგზო გზა განიხილება.