იუნესკოს მთავარი მოვალეობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ისეთი სფეროების განვითარებაა როგორიცაა – კულტურა, განათლება თუ მეცნიერება. დღესდღეობით ორგანიზაციას 195 წევრი ყავს და მისი მეშვეობით ათასობით ისტორიული ძეგლი აღდგენილი და დაცულია.
საერთაშორისო ორგანიზაცია ქალაქებს იერსახის მიხედვითაც აფასებს და ყველაზე გამორჩეულების რეიტინგს ადგენს ხოლმე. მართალია, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ამჟამად მოგზაურობაც შეუძლებელია, თუმცა ყველაზე ლამაზი ქალაქების შეხსენება ურიგო ნამდვილად არ იქნება.
ვენეცია
იტალიურ ქალაქს ყოველ წელს მილიონობით ტურისტი აკითხავს. ვენეციაში არ არის გზები და გადასაადგილებლად ძირითადად წყლის არხებს იყენებენ. სასტუმროებიდან გამოსასვლელი გზებიც პირდაპირ წყალთან მიდის. ვენეციის ვიწრო ქუჩები, ანტიკური დროის არქიტეტურა და გონდოლებით გასეირნება – ქმნის ყველაზე რომანტიკულ გარემოს და მოგზაურებს სწორედ ეს იზიდავს. ვენეცია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანეს და მას შემდეგ საპატიო ადგილს იკავებს.
პრაღა
ჩეხეთის დედაქალაქი ყველა მოგზაურს ხიბლავს. რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, რამეთუ ქალაქში ასობით ისტორიული ძეგლია და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მთელ რაიონებს აქვს მინიჭებული. ხელუხლებლად შენარჩუნებული არქიტექტურა ვიზიტორებს წარსულში მოგზაურობის საშუალებას აძლევს და მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბრიუგე
ბელგიის პატარა ქალაქი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურების საყვარელი დანიშნულებაა. შუა საუკუნეების შენობები, ულამაზესი ქუჩები და არხები სადაც გედები მშვიდად დაცურავენ – რთულია ამ სილამაზემ არ მოგხიბლოს. ქალაქის ისტორიული ცენტრი უძველესი ტაძრებით, მუზეუმებით და ძეგლებითაა სავსე – რის გამოც ის იუნესკოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა.
რომი
დიდებული რომი ყველაზე ლამაზ ქალაქთა შორის აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო. რომი – ეს ხომ ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმია. გამაოგნებელი არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუშები და ანტიკური ძეგლები ტურისტებს ყველა ფეხის ნაბიჯზე ხვდება. რომი არის ქალაქი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
რიო-დე-ჟანეირო
ბრაზილიური ქალაქი ვიზიტორებს ულამაზესი ტროპიკული ტყეებით, ცისფერი ლაგუნებით, უმშვენიერესი პლაჟებითა და განუმეორებელი ატმოსფეროთი ხიბლავს. ქრისტეს 38 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, ხელოვნების ნაციონალური აკადემია და ათობით ტაძარი – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია.