LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ექსპორტი 94%-ით გაიზარდა

139

2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„თებერვლის თვის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ, რაც ძალიან მისასალმებელია და რაც უმთავრესად განპირობებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა. ეს წელი მართლაც აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი (5 717 289 ბოთლი), უკრაინა (859 756), ჩინეთი (832 552), ყაზახეთი (389 040) და პოლონეთი (312 650).

უწყების ცნობითვე, 138%-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები