მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია Georgian Airways, რომელიც დანიაში და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იქნა მიღებული.
როგორც ცნობილია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და საკრუინგო კომპანია Elvictor Crew Management Service-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები Georgian Airways-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.
ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის “Elvictor Crew Management Service” შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ. რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.