საპილოტე პროექტმა, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია „ბირდთან“ თანამშრომლობით შეიმუშავა, დღეს პირველი სერვისი აამოქმედა. საქართველოში დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა. პროექტის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი დაესწრო. ელექტროსკუტერიც პირველად კახი კალაძემ “გატესტა.”
გავრცელებული ინფორმაციით, ეკომეგობრული ელექტროსკუტერის გაზიარების სერვისი თავდაპირველად, თბილისსა და ბათუმში იმოქმედებს. პროექტის მიზანი კი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა. ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია BIRD, სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.
ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.