საქართველოში 2017 წლის თებერვალში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა იკლო.
ამ პერიოდში სულ ქვეყანაში 72,2 ათასი ტონა ნავთობი შემოიტანეს, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 36,1 ათასი ტონა.
სტატისტიკა იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 20,8 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 28,8%), რუმინეთიდან – 19,1 ათასი ტონა (26,5%), ბულგარეთიდან – 13,8 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანიდან 12,6 ათასი ტონა (17,5%), თურქმენეთიდან – 3,0 ათასი ტონა (4,1%), საბერძნეთიდან – 1,6 ათასი ტონა (2,2%), კვიპროსიდან – 1,3 ათასი ტონა (1,8%).
საწვავის კატეგორიების სტატისტიკა
რაც შეეხება საწვავის კატეგორიებს, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 26,9 ათასი ტონა ანუ 74,5 %; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 9,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – თებერვალში არ განხორციელებულა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,1 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი თებერვლის თვეში არ განხორციელებულა.
სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემები
2017 წლის თებერვალში საქართველოში 2,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი იმპორტირდა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 43,5%-ით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილის იმპორტი – 69,6 % ირანის ისლამური რესპუბლიკიდან განხორციელდა.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ამავე პერიოდში, საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 2,7%-ით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.