5 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” რეჟისორი დათო დოიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და გადადებულ პრემიერაზე ისაუბრა.
– დათო, კორონავირუსმა სხვების მსგავსად თქვენც გაიძულათ გეგმების შეცვლა და საპრემიეროდ გამზადებული სპექტაქლის “თოლიას” გადადება. როგორ მიიღეთ არასასიამოვნო ამბავი და სავარაუდოდ როდის შედგება დაგეგმილი პრემიერა?
– სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რეჟისორის მოვალეობა სპექტაკლის დადგმაა, მსახიობს კი, გარკვეული დრო სჭირდება იმ ოპტიმალური კონდიციის მისაღწევად, როცა საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას შეძლებს, ჩვენ კი, ზუსტად ამ მომენტში მოგვიწია თეატრის დახურვა, რაც ყველასთვის რთული მისაღები აღმოჩნდა. წარმოდგენა არ მაქვს, როდის შევძლებთ სპექტაკლის დადგმას, მეტიც, არც ის ვიცი, რამდენად აქტუალურია წარმოდგენა დღეს, თუმცა იმედი მაქვს ადრე თუ გვიან მაინც შევთავაზებთ მაყურებელს ჩვენს ნამუშევარს.
– მსახიობთა არაჩვეულებრივი დასი მუშაობდა სპექტაკლზე. ძალიან იშვიათად იკრიბება ამდენი ვარსკვლავი ერთად. მათ როგორ მიიღეს სპექტაკლის გადადება?
– საუკეთესო მსახიობებით მართლაც განებივრებული ვარ, რადგან თეატრს ბრწყინვალე დასი ჰყავს. ,,თოლიაზე” მეტწილად გამოცდილი მსახიობები მუშაობდნენ, თუმცა ორი ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი დებიუტანტიც მოვიწვიე, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ პრემიერას, ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ მათ დაწყდათ გული.
– რამდენადაც ვიცი, თქვენი შვილები საზღვარგარეთ სწავლობდნენ. ანა ბერლინში იყო, თემო – ბუდაპეშტში და მხოლოდ 4 წლის დარო იყო თქვენთან. საინტერესოა, თუ ჩამოვიდნენ ბავშვები და ახლა სად არიან?
– საბედნიეროდ ჩამოვიდნენ, თუმცა ორივეს მკაცრი კარანტინის გავლა მოუხდა.
– როგორ შეეგუეთ თვითიზოლაციას და რამდენად პროდუქტიულად იყენებთ თავისუფალ დროს?
– სიმართლე ვთქვა, თავიდან ძალიან მომეწონა, რადგან უამრავი წიგნის წაკითხვა, ფილმის ნახვა მინდოდა და დრო არასდროს მქონდა. თუმცა, ახლა ძალიან მომბეზრდა, აღარც კითხვა მახალისებს, აღარც ახალი ფილმის ნახვა, რადგან ყველაფერი იძულებითია და არა საკუთარი სურვილით. გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო ბავშვებს და სწორედ ახლა ავინაზღაურო მათთან ურთიერთობის დანაკლისი.
– თქვენი აზრით რამდენად შეცვალა პანდემიამ მსოფლიო?
– ვფიქრობ, ვირუსმა პირველ რიგში ფასეულობები შეცვალა. დღეს ყველაზე ფასეული ადამიანის სიცოცხლეა, რასაც მანამდე ნაკლებად ვუფრთხილდებოდით. დარწმუნებული ვარ, სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვიცხოვრებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრის გადაფასება მოგვიწევს. უცნაურია, მაგრამ უცხოელი კოლეგები, ვისაც ვირუსმა ბევრად მძიმე შედეგები მოუტანა, ძალიან ოპტიმისტურტად არიან განწყობილი და აქტიურად მითანხმდებიან სამომავლო სპექტაკლებზე, რაც მეც უკეთესის იმედს მაძლევს.