LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიშკა ჯავახაძემ თვითიზოლაციაში იტალიურის სწავლა დაიწყო

666
marishkajavaxadzenewsmay

მარიშკა ჯავახაძე თვითზიოლაციაში თავს არც ისე ცუდად გრძნობს. დღეში ორ საათს ძაღლს ასეირნებს, ბებიის რეცეპტით ქართულ კერძებს ამზადებს და იტალიური ენის ონლაინ შესწავლა დამოუკიდებულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაიწყო.

რასაკვირველია, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ადამიანების უსამსახუროდ დარჩენას ყველა ჩვენგანის მსგავსად, ისიც განიცდის… თავად დისტანციურად მუშაობს ერთ–ერთ ტურისტულ კომპანიაში და ელოდება, როდის გაიხსნება ქვეყანა ტურისტებისთვის.

მარიშკა ჯავახაძე:

ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახო. ასეთი ხასიათი მაქვს, რასაკვირველია, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ხალხის უსამსახუროდ დარჩენა არ მომწონს და განვიცდი, თუმცა ვცდილობ, დადებით რაღაცებზე ვიფიქრო.

ვერ მოვიტყუები, რომ 24 საათი სახლში ვარ. ძაღლი მყავს და დღეში ორი საათი მიწევს სეირნობა. ფეხით სიერნობა, ცნობილია, რომ ერთ–ერთი საუკეთესო ანტრისტრესია. ჰაერის გაიწმინდა, რადგან ნაკლებად ბინძურდება და უფრო სასიამოვნოა გარეთ ყოფნა.

გადავწყვიტე, იტალიური ენის შესწავლა დამეწყო. გადმოვიწერე ქართული აპლიკაცია, სადაც 60–მდე ენის შესწავლაა შესაძლებელი უმარტივესად, სამი თვის პროგრამაში კონკრეტული თანხა გადავიხადე და დავიწყე ახალი ენის სწავლა, რადგან იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ამ ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა. მიხარია, რომ იტალიური მეცოდინება. პანდემია რომ არა, ვერც ვიფიქრებდი, რომ ენის შესწავლა დამოუკიდებლად დამეწყო…

გარდა ამისა, კულინარიასაც უფრო სერიოზულად მოვეკიდე. ვინაიდან ჩვენი დამხმარე ქალი, რომელიც ოჯახის წევრია და 20 წელია, ჩვენთან მუშაობს, ვეღარ მოდის, თავად ავიღე საკუთარ თავზე კერძების მომზადება. ახალ რაღაცებს ვსწავლობ და მომწონს. აქამდე ინტერნეტში ნანახი რეცეპტების მიხედვით ვამზადებდი ხოლმე კერძებს, ახლა კი ბებიის, ნანას რეცეპტებით ქართულ კულინარიას ვეცნობი, აჯაფსანდალს თუ ბაჟეს ვაკეთებ. ბებია ცოცხალი აღარაა და ჩემთვის მისი რეცეპტებით კერძების მომზადება დიდ სენტიმენტებს უკავშირდება.

რა გიჭირს ყველაზე მეტად?

ცოტა მიჭირს ოჯახის წევრების, მეგობრების გარეშე ყოფნა, თუმცა 10 წელი საქართველოში არ ვცხოვრობდი და მათ გარეშე ყოფნას და მონატრებას მიჩვეული ვარ… ჩემთვის, შეიძლება ითქვას, ეს ბუნებრივი მომენტია. „სკაიპით“, ელექტრონულად ვეკონტაქტები ყველა მათგაანს. ყველაზე ხშირად ბაბუს ვურეკავ, რადგან ის მარტოა, მამიდაჩემი მიდის ხოლმე, მაგრამ მას არ ვსტუმრობ გასაგები მიზეზების გამო, რადგან ასაკშია და მისთვის უსაფრთხოა მარტო ყოფნა. რასაც ინტერნეტით წავიკითხავ ხოლმე, ვაცნობ, რადგან ცოტათი მოწყვეტილია სამყაროს.

რას კითხულობ იზოლაციის დროს?

ადრე სულ ვეცნობოდი მეოცე საუკუნის ბოლო ათეული წლების ლიტერატურას, ვკითხულობდი, ძირითადად, თარგმანებს. მახარებს ის, რომ ბოლო პერიოდში დავიწყე ქართული კლასიკის კითხვა. რა თქმა უნდა, დავიწყე მიხეილ ჯავახიშვილით. ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, მისი დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში. ყველას ვურჩევ ქართული პროზის წაკითხვას, სანამ თარგმანებამდე მივალთ. მე პირიქით გამომივიდა, მაგრამ ახლა მაქვს სწორედ ასეთი პერიოდი, ქართული ლიტერატურის კითხვის. როგორც ჩანს, თვალს მჭრიდა თანამედროვე წიგნების ყდები. ახლა სახლის ძველ ბიბლიოთეკას გადავხედე და ქართულმა ძალიან მიმიზიდა.

თანამდეროვე მწერლებიდან ჩემი საყვარელი მწერლები არიან მარიო ვარგას ლიოსა, ლათინოამერიკელი მწერალი და ნინო ხარატიშვილი, მასზე შემიძლია განუწყვეტლივ ვილაპარაკო. ამას წინათ „ფეისბუქზე“ დამამატა და ერთი პოსტი მოიწონა, რამაც ძალიან გამახარა.

ვერ გეტყვი,რომ როცა ავტორი მომწონს, მის ყველა ნაწარმოებს ერთი–მეორეს მიყოლებით ვკითხულობ, მარათონივით მიყოლებით არა, ვცვლი ჟანრებსა და ენას, ხან ქართულად ვკითულობ, ხან ინგლისურად, რომ არ მომბეზრდეს, თუმცა საყვარელ ავტორს მივუბრუნდები ხოლმე და გარკვეული პერიოდულობით მის ყველა რომანს ვკითხულობ.

რას უყურებ?

ცნობილი სერიალი „სამშობლო“ შევინახე მის საბოლოო დასრულებამდე. ყველა იტანჯებოდა სეზონებისა და სერიების მოლოდინში, მე კი ახლა დავიწყე პირველი სეზონის პირველი სერიიდან. ზუსტად ასე დაველოდე „სამეფო კარის თამაშებს“. ეს კიდევ სხვა სიამოვნებაა, როცა იწყებ და ასრულებ და არ გიწევს სეზონების ლოდინი.

ჩემი საყვარელი რეჟისორი არის მარტინ სკორსეზე, მოვიწყვე მისი ფილმების რესტროსპექტივა, დავიწყე „ტაქსის მძღოლით: და მოვყვები წლების მიხედვით. იტალიურს რომ ვისწავლი, შემდეგ იტალიურ კინოს ვუყურებ ორიგინალში.

თავის მოვლა სახლის პირობებში შენთვის პრობლემა არაა?

იმდენი დრო აღმოვაჩინე თავის მოვლისთვის, პირიქით. ახლაც სახის ნიღაბი მიკეთია. უჯრების დალაგებისას უამრავი აქამდე შეძენილი კოსმეტიკური საშუალება ვნახე, რასაც აქტიურად ვიყენებ. ჩემი სახის კანი ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაშია, რადგან ბევრად მეტი დრო მაქვს მის მოსავლელად. ინტერნეტით ბევრ ინფორმაციასაც ვიგებ ამ კუთხით. კარანტინიდან უფრო ლამაზები და ჭკვიანები გამოვალთ (იღიმის).

სახისთვის ერთ ბრენდს ვხმარობდი, ახლა კი განსხვავებული ბრენდები აღმოვაჩინე, რომლებიც ძალიან მომიხდა. აღმოვაჩნე სხვადასხვა საკვები, რაც კანისთვის ძალიან კარგია, მაგალითად, გრეიპფრუტი. ასევე ვისწავლე, რო ბე ვიტამინის შემცველი საკვების მიღება მნიშვნელოვანია კანისთვის და ხშირად მივირთმევ ბროკოლს, ისპანახსა და ორაგულს. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო და არ გავსუქდე.

კარანტინის დროს  საკუთარ თავში რაიმე ახალი თვისება ხომ არ აღმოაჩინე?

აღმოვაჩინე ის, რომ არ ვყოფილვარ მშიშარა. თურმე კრიტიკულ მომენტებში არ ვიბნევი. ჩემი ოჯახის წევრებზე უფრო ვინერვიულე, რომ ეს დაავადება არ დამართნოდათ, ვიდრე საკუთარ თავზე. აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ეგოისტი ვარ, როგორიც მეგონა და არც მშიშარა.

როგორ ფიქრობ, ადამიანები შეიცვლებიან?

ძალიან მინდა, რომ შეიცვალონ. მინდა, დამოკიდებულება შეგვეცვალოს ბუნების მიმართ და ღირებულებები გადავაფასოთ. მინდა, ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ბუნებასა და ცხოველებს, ის, რაც ღმერთმა და სამყარომ გვაჩუქა. დარწმუნებული ვარ, მზრუნველობა სამყაროს მიმართ ყველა ადამიანშია, უბრალოდ, ეს თვისება წინ წამოიწევს. ზოგადად, ადამიანებს გვახასიათებს, რომ კრიტიკულ მომენტებში რაღაცას ვამბობთ, მერე კი არ ვაკეთებთ. იმედია, ასე არ იქნება.

კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო – მართლა არ მეგონა, თუ გარშემო ამდენი კეთილი ადამიანი არსებობდა, მარტოხელა მოხუცებისთვის ფულის შეგროვებით დაწყებული, უპატრონო ცხოველებზე ზრუნვით დასრულებული, პანდემიის დღეებში უამრავი კეთილი ადამიანის ნამოქმედარი ვნახეთ. შეუძლებელია, ეს არ დავინახოთ და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ ყველაფერში. ძალიან დიდი დისკომფორტი გვაქვს, მაგრამ სადეპრესიო არაფერი გვჭირს. პირიქით, გასახარია, რომ ამდენი სიკეთის გამოვლენის საშუალება მოგვეცა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g