LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შემოაქვს სახელმწიფოს მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა

933

საქართველოში ყოველწლიურად მენინგოკოკური ინფექციით 10-15 ადამიანი ავადდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შემთხვევათა უმეტესობა 0-14 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება და მენინგოკოკცემიის შედეგად გარდაცვალების რისკი 10-20%-ს შეადგენს, რაც 1-2 დაინფიცირებულ ადამიანს გულისხმობს. ერთი შეხედვით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა ის ერთი თუ ორი შემთხვევაც, რომელიც პაციენტის გარდაცვალებით სრულდება, სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა და სტატისტიკური მონაცემები დაღუპულთა ოჯახების რეალობას ვერ ცვლის.

აჭარაში 4 წლის ბავშვის აღნიშნული ინფექციით გარდაცვალების ფაქტმა საზოგადოებაში დაავადებით დაინფიცირების შიში კიდევ უფრო გაამძაფრა. ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ გეგმიურ აცრებში მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არ შედის, მაშინ როცა დაავადებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სწორედ ვაქცინაციაა. ვაქცინაციის ეფექტურობას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც ვაქცინით აცრის შემდეგ მენინგოკოკური დაავადებების რიცხვი 95%-ით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში,  პაატა იმნაძე „ფორტუნასთან“ ქვეყანაში ვაქცინის არ არსებობის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არაპოპულარულია და მშობლების მხრიდან მასზე მოთხოვნა არ არის. მისივე თქმით, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ იმ ქვეყნებში შედის გეგმიურ აცრებში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია. საქართველოში კი, იმნაძის თქმით, მენინგიტით ავადობის შემთხვევები დაბალია.

„დაახლოებით 10 წლის წინ თბილისში გვქონდა მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის საპილოტე პროგრამა და არ იყო პოპულარული. ამიტომ ეს ვაქცინა, ისევე როგორც საფრანგეთში, საქართველოშიც არ შედის აუცილებელ ვაქცინათა რიცხვში. მოთხოვნა უნდა იყოს მშობლებისგან. შარშან ზაფხულში იყო ეს ვაქცინა თბილისში, რადგან მოთხოვნა იყო. მოთხოვნა იქნება – შემოიტანენ“ – აღნიშნავს პაატა იმნაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ ვაქცინაციის მიმართულების ხელმძღვანელ მანანა აბრამიძეს. მისი თქმით მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში არსებობა პოლიტიკური რანგის საკითხია და ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად უნდა მუშაობდეს, რომ საქართველოში ვაქცინით აცრა შედიოდეს გეგმიურ აცრათა რიცხვში.

„ყველა ქვეყანაში ვაქცინა არის პრიორიტეტული მედიცინაში და საქართველო გამონაკლისია. ასეთი არასწორი  განცხადებები დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელს უბრალოდ არ ეკადრება. რას ნიშნავს მშობელი არ აცხადებს სურვილს, რა იცის მშობელმა რა არის ვაქცინა. შესანიშნავ რეკომენდაციებს იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამას უნდა მიჰყვებოდეს მთავრობა და ის ორგანიზაციები რომელთაც ძალუძთ ვაქცინის შეტანა ნაციონალური აცრების კალენდარში“ – აცხადებს მანანა აბრამიძე.

მანანა აბრამიძის მსგავსად, საქართველოში მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის მომხრეა ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანამ იბრძოლოს ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად.

„მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ძალიან მძიმე თემაა ჩვენი ქვეყნისთვის.
აუცილებელია ქვეყანამ იბრძოლოს იმისთვის, რომ გვქონდეს ვაქცინა, ეს არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელიც არის“ – აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.

 

რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია

 

ვაქცინაცია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება. სპეციფიური პროფილაქტიკისათვის ვაქცინით აცრა, იცავს ადამიანს მენინგოკოკური ინფექციისგან ან ინფიცირების შემთხვევაში ამცირებს სიკვდილიანობის რისკს.

როგორც სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ ვაქცინაციის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აბრამიძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, მენინგოკოკურ ინფექციასთან საბრძოლველად  ყველაზე საიმედო და უსაფრთხო საშუალება ვაქცინით აცრაა. თუმცა, აბრამიძის თქმით, 100%-იანი გარანტია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი არ დაინფიცირდება, არ არსებობს.

„ვაქცინა პანაცეა არ არის მედიცინაში, მაგრამ ვაქცინაზე უკეთესი პრევენციის საშუალება დედამიწის ზურგზე მედიცინამ ვერ შექმნა და ამისი დამადასტურებელია ის გარემოება, რომ ბავშვები არ იღუპებიან დიფტერიით, ტეტანუსით, ყივანახველათი.

ვაქცინას აქვს ძალიან დიდი როლი,  თუმცა მარტო ვაქცინაზეც არ არის დამოკიდებული, ჩვენზეც არის დამოკიდებული, ჩვენს იმუნურ სისტემაზე. დიდი შანსია ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი არ დაავადდეს მენინგოკოკური ინფექციის  მძიმე ფორმით. აუცრელობის შემთხვევაში კი დაინფიცირებისას შესაძლოა დაავადება განვითარდეს იმ თავისებურებით, რომელიც სწორედ მას ახასიათებს და, სამწუხაროდ, შემთხვევა დამთავრდება ლეტალურად“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ მანანა აბრამიძე.

 

რა იციან მშობლებმა მენინგოკოკური ინფექციის შესახებ

„მშობლები ვართ ინფორმაციის ვაკუუმში“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.

როგორც ირკვევა, საქართველოში მშობლები მენინგოკოკური ინფექციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევების რაოდენობა მაღალი არ არის, არსებული მონაცემებიც საგანგაშოა. მშობლის თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს შემთხვევებიც კი აღარ არსებობდეს.


„მენინგიტის შესახებ ინფორმაცია ბოლო დროს უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ოღონდ ინტერნეტის მეშვეობით და პირადად მე, როგორც მშობელს, ძალიან მაინტერესებს რა შეიძლება გავაკეთოთო ამ დაავადების პრევენციისთვის.

მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენთან არ არსებობს და სახელმწიფოს ის არ შემოაქვს. ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს სიტუაციას. ძალიან რთულია საკუთარი ინიციატივით ადგე და გადააფრინო ბავშვი სხვა ქვეყანაში და იქ აცრა. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ერთეული შემთხვევებიც აღარ არსებობდეს და ვიცით, რომ ვაქცინით აცრის შემთხვევაში, მინინგიტით დაინფიცირებისას ლეტალურად დასრულების რისკები იკლებს“ – ამბობს მშობელი.



როგორ დავიცვათ თავი მენინგოკოკური ინფექციისგან

მენინგოკოკური ინფექცია – თავის ტვინის რბილი ქსოვილების ანთებაა. მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევები ძირითადად ვირუსული დაავადებების გავრცელების პერიოდში გვხვდება და ინფექცია უფრო მეტად ბავშვებში ვრცელდება. მენინგოკოკური ინფექცია ძალიან გავს ჩვეულებრივ ვირუსს, იწყება მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილითა და ღებინებით, გართულების შემთხვევაში კი თან ახლავს სისხლჩაქცევები სხეულის ზედაპირზე.

როგორც ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, მსგავსი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დაგვიანებული მკურნალობა უშედეგო არ აღმოჩნდეს.


„მენინგოკოკური ინფექციის ყველა რთულ ფორმას მენინგოკოკცემია წარმოადგენს. მენინგოკოკცემია ეს არის უკვე ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ასეთი შემთხვევები ძირითადად ლეტალურად მთავრდება. იწყება მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და თავის ტკივილით. თან ახლავს სინათლის შიში, ბავშვი არის ფერმკრთალი და აქვს შეშინებული გამომეტყველება. ასეთ დროს მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს, რათა მკურნალობა დაგვიანებული არ აღმოჩნდეს“ – განმარტავს ინგა მამუჩიშვილი.

ვაქცინის არ არსებობის დროს, მენინგოკოკური ინფექციისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა. ხშირად უნდა განიავდეს ბავშვთა დაწესებულებები, რადგან ინფექციის გავრცელების საფრთხე განსაკუთრებულად არსებობს დახურულ სივრცეში.

„მშობლებს ვთხოვ და ყველა ბავშვთა დაწესებულებას, რომ დაიცვან ჰიგიენური ნორმები და ხშირად ანიავონ ბავშვთა დაწესებულება, იმიტომ რომ მენინგოკოკი ძალიან აქტიურდება დახურულ სივრცეში. მენინგიტი და მენინგოკოკცემია ყოველთვის იყო და იქნება და ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა“ – აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.

                                                                                                                                 გვანცა ბზიავა

magti 5g