თბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებობს რამდენიმე მეწყერსაშიში ზონა, რომელიც გენერალურ გეგმაში აღნიშნულია, როგორც “შავი ზონები”. მსგავსი ზონები სპეციალისტების მხრიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. კახა კალაძის თქმით, ასეთი ადგილია შეშელიძის ქუჩა, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე საშიშ ზონად მიიჩნევა. მერი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 21 მლნ. ლარი იქნება და მისი განხორციელება 2021 წლის იანვარში დასრულდება.
ამის შესახებ მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქალაქში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც გენერალურ გეგმაში მოცემულია, როგორც შავი ზონები და ეს კონკრეტული ზონები მუდმივი დაკვირვების რეჟიმშია. ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი ადგილი შეშელიძის ქუჩაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ძალიან ბევრი ობიექტი: სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშისი ზონა ქალაქში. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მოეწყობა მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამ რიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. პროექტი უნდა დასრულდეს 2021 წლის იანვარში. დაახლოებით 21 მილიონი უჯდება მუნიციპალიტეტს მისი განხორციელება”, – აცხადებს კახი კალაძე.
კალაძის თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მერიაში არაერთი წერილია შემოსული. კალაძე მიმართავს მოსახლეობას და მოუწოდებს მშვიდად იყვნენ.
“ძალიან ბევრი წერილი და თხოვნა შემოდიოდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იქნებოდა მხარდაჭერა და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. მინდა დავამშვიდო იქ მცხოვრები ადამიანები, რომ ამ პროექტით ყველაფერი მოწესრიგდება და ყველა კითხვაზე პასუხი გაიცემა“, – აღნიშნა მერმა.