ყოფილი თავდაცვის მინისტრი წლის ბოლოს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მძიმე სცენარით განვითარებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას ადგილზე ყოფნას არ ისურვებდა. ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლება შეცდომების დაშვების კუთხით განსაკუთრებულ ნიჭს ავლენს და აცხადებს, რომ -8 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალია. ამის სესახებ ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.
“5.5% რომ გამოაცხადა მინუსი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ეს არარეალური პროგნოზია. ჩვენ გვავიწყდება ერთი მთავარი რამ: საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა შეცდომების დაშვების კუთხით. 2020 წლის არჩევნებისა და პოლიტიკური კრიზისის შედეგად შეიძლება, ამას კიდევ სამი პროცენტით ვარდნა დაემატოს. დაახლოებით მინუს 8%-ზე გავიდეთ. დღეს ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, გახარიას ადგილას რომ ვიყო, ერთი სურვილი მექნებოდა, როგორ დავტოვო ხელისუფლება. წარმოდგენა არ გაქვთ, რა ეკონომიკური კრიზისი იქნება ქვეყანაში წლის ბოლოს. შეიძლება, ხელისუფლება ქუჩაში ეყაროს, იხვეწებოდეს, მოდი, აიღეთ მართეთ ქვეყანაო და არავინ მსურველი არ იყოს” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გამოსავალს, მთავრობის მხრიდან, 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში ხედავს. ოქრუაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზეა დამოკიდებული, მმართველი გუნდის “გაჯიუტებამ” კი შესაძლოა ქვეყანა დაპირებული დახმარების გარეშე დატოვოს.
“ეკონომიკურად შეიძლება გაგვიჭირდეს, თუ 8 მარტის შეთანხმება ჩაიშლება. ჩვენ ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზე და ვერაფერს მივიღებთ თუ ხელისუფლება გაჯიუტდება. გიორგი რურუაც რომ მაშინ გამოეშვათ, როცა მე და გიგი უგულავა გამოგვიშვეს, ხომ ერთ დღეს მოხდებოდა ამ მტკივნეული კბილის ამოღება და დამთავრდებოდა?! რატომ აჭიანურებენ ასე და ყოველდღე ადა სალანძღავად რატომ იხდიან საქმეს, არ ვიცი” – განაცხადა ოქრუაშვილმა.