საქართველოს მთავრობა ძალაში დატოვებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემულ დადგენილებაზე განმარტებას აკეთებს. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, “დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას.”
შესაბამისად, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს.
“ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 15 ივლისამდე რჩება სხვადასხვა ტიპის რეგულაციები.