შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, თუმცა ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. შვედეთის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
სტოკჰოლმის ტერაქტს შვედეთის პრემიერ-მინისტრი შტეფან ლიოვენი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეჭვმიტანილი დააკავეს.
„შვედეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ყველაფერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ტერაქტი“, – განაცხადა პრემიერმა.
შვედეთის პოლიციამ ადამიანებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა.
ინციდენტი ქალაქის მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე, დროტნინგატანზე (თარგმანში დედოფლის ქუჩა) მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მძღოლმა განზრახ მიმართა ავტომანქანა გამვლელთა მისამართით.
სტოკჰოლმში ტერაქტი 2010 წლის დეკემბერშიც მოხდა. მაშინ შემსრულებელი ერაყიდან გადმოსახლებული ტაიმურ აბდულ-ვახაბ ალ-აბდალი აღმოჩნდა, რომელიც შვედეთის მოქალაქე 1992 წლიდან იყო.