მმართველი პარტიის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნება” რეგიონებში შეხვედრებზე სავარაუდოდ უარს იტყვის. ამის მიზეზად მან კორონავირუსის გავრცელების რისკი დაასახელა. მისი განმარტებით, სპეციალური შეზღუდვები დაწესდება პარტიის შიგნით იმისათვის, რომ კარდაკარ შეხვედრები, მასალების დარიგება და სხვა სააგიტაციო პროცესები არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო.
„ჩვენც გავივლით კონსულტაციებს ეპიდემიოლოგებთან, იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიამ, არამარტო არჩევნების დღემ და უშუალოდ საარჩევნო პროცესმა, არამედ საარჩევნო აგიტაციამაც არ შექმნას რაიმე პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, აგიტაციის ერთ-ერთი ფორმაა რეგიონული შეხვედრების ორგანიზება და ამაზე, ალბათ, „ქართული ოცნება” უარს იტყვის, იმიტომ, რომ ბუნებრივია, სარისკოა 20 000 და 50 000 ადამიანის კონცენტრაცია ერთ, კონკრეტულ სივრცეში. ასევე, სპეციალური შეზღუდვები დაწესდება პარტიის შიგნით იმისათვის, რომ მაგალითად, ე.წ. კარდაკარ მასალების დარიგება და ა.შ. არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ კონსულტაციების საფუძველზე იმისათვის, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან წარმოებულმა აგიტაციამ არ შექმნას რაიმე პრობლემები ეპიდემიის გავრცელების კუთხით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
