საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას გადაეცემა.
კონსტიტუციის რედაქტირებული ვარიანტით, იღუდება არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა წრეც და საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა მხოლოდ პარტიას შეეძლება.
კონსტიტუციის რედაქტირებულ ვარიანტში წერია, რომ
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველ შაბათ დღეს. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს.
4. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
5. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია 30000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
7. პარლამენტის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელზეც ბოლო 4 თვის განმავლობაში მმართველ გუნდთან, ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მსჯელობა კომისიის ფორმატში მიმდინარეობდა, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სუბიექტებს უკვე გადაეგზავნათ.