საქართველოს პარლამენტში დღეს წარდგენილი ახალი ბიუჯეტის მიხედვით, მცირდება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება. ცვლილებათა პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.
“აუდიტის სამსახურის ინიციატივით, მათი დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 1 მლნ ლარით; საერთო სასამართლოების ნაწილში კაპიტალური ხარჯები მცირდება 8 მლნ ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; საპენსიო სააგენტოს მიმდინარე ხარჯები მცირდება 500,0 ათასი ლარით; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 400,0 ათასი ლარით;
ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები მცირდება 12 მლნ ლარით; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით;
ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მცირდება 1,5 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 3 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 75 მლნ ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 10 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 139,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 15,1 მლნ ლარის ოდენობით; განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით; ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსება მცირდება 1,5 მლნ ლარით” – აღნიშნულია დოკუმენტში.