LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელნაკეთი აქსესუარები ბაბუაწვერასგან: ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა

1178

ხელნაკეთი აქსესუარები ”ბაბუაწვერასგან” – ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის დამფუძნებელმა მარიამ ელისაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ”ბაბუაწვერა” მომხმარებელს წიგნის თემატურ სანიშნეებს, თმის აქსესუარებსა და ყელსაბამებს სთავაზობს. პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით, ონლაინ ხორციელდება. აქსესუარების ღირებულება კი 10-დან იწყება და 40 ლარამდე ადის.

როგორც მარიამ ელისაშვილი ამბობს, ”ბაბუაწვერა” ბაზარზე დაახლოებით 7-8 თვის წინ გამოჩნდა და მის პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ბრენდის მიმართ საზოგადოების ინტერესს ბაზარზე მორგებულ ფასებთან ერთად, პროდუქციის განსხვავებული ვიზუალიც განაპირობებს.

რაც შეეხება ნედლეულს, რომლითაც ”ბაბუაწვერას” ხელნაკეთი აქსესუარები მზადდება- ეს არის პოლიმერული თიხა. ზოგ შემთხვევაში კი მას გაფორმებისთვის საღებავებიც ემატება, თუმცა მინიმალური რაოდენობით.

“ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის იდეა 2016 წლის ზაფხულში გამიჩნდა, მაშინ როდესაც დავინტერესდი პოლიმერული თიხით. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია თუ როგორ მუშავდებოდა ეს ნედლეული და სწორედ ინტერნეტ-გაკვეთილების მეშვეობით შევძელი აქსესუარებზე მუშაობის დაწყება”, – აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ”ბაბუაწვერას” სამომავლოდ გაფართოების გეგმები აქვს – ამ ეტაპზე პროდუქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი, თავად მარიამ ელისაშვილი მუშაობს. ახლო მომავალში კი იგეგმება წარმოების გაფართოება და ”ბაბუაწვერას” სახელოსნოს გახსნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g