წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს.
2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის 1-ლიკვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეს მონაცემები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, სექტორულ ჭრილში ზრდის გამომწვევი ფაქტორებია: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა – სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება, როგორიცაა ექსპორტი.
„მოგეხსენებათ, 2017 წლის ამ თვეში ჩვენ გვქონდა ექსპორტის 30% – იანი ზრდა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა – ფულადი გზავნილები (სამ თვეში 22% – იანი ზრდა), ზრდა ასევე კვლავ გრძელდება ტურიზმის მიმართულებით, რაც სასიხარულო ფაქტორია – კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წლის იანვარ-მარტში 1 266 125 შეადგინა“.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა – „საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძელებს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება“, – განაცხადა ჯავახაძემ.
2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
- მშენებლობა
- დამამუშავებელი მრეწველობა
- სასტუმროები და რესტორნები
- ვაჭრობა
- ოპერაციები უძრავი ქონებით
მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ,2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა:
- ფეროშენადნობების ექსპორტი 201%-ით
- ღვინის ექსპორტი 62.5%-ით
- სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით
- სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 17%-ით
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტშიგაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:
- 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 290 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
- 2017 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 180 მლნ. აშშ დოლარი (39 მლნ. აშშ დოლარით მეტი) შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 435 მლნ. აშშ დოლარსგაუტოლდა (83 მლნ. აშშ დოლარით მეტი). 2017 წლისიანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1 266 125 ვიზიტორი შეადგინა.