LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო თასის ყურადღება საქართველოსკენ: ბორჯღალოსნების ღირშესანიშნავი მომენტები

48

10 მაისს კიოტოში (იაპონია) 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრაგაიმართება.

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეხუთედ თამაშობენ და წილისყრისას პირველად არიან 12 განთესილ გუნდს შორის. ეს უფლება მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 2015 წელს, ინგლისის მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგებით და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით მოიპოვეს.

ამ მოვლენას “მსოფლიო რაგბის” ოფიციალურმა გვერდმა სპეციალური სტატია მიუძღვნა, სადაც განვლილ ოთხ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების გამოსვლა და ღირშესანიშნავი მომენტები გაიხსენა:

2015 წელს საქართველო მსოფლიო თასების სრულწლოვანი მონაწილე გახდა. ევროპის ერთა თასის დომინანტმა გუნდმა, 4-წლიან ციკლში მილთონ ჰეიგის მზრუნველი ხელით 4 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილამდე დაწინაურდა. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა ინგლისში მიზნად ორი თამაშის მოგება დაისახა და გუნდმა ეს ამოცანა პირნათლად შეასრულა. მათ გასული სამი მსოფლიო თასის შედეგი გააორმაგეს, ტონგას და ნამიბიას გადაასწრეს და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს.

საქართველო იაპონიაში ზედიზედ მეხუთე ტურნირში ითამაშებს. პირველად ის 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე, შესარჩევ ეტაპზე რუსეთის გავლით მოხვდა.

ჯგუფში საქართველომ ერთ-ერთი ფავორიტის და მომავალი გამარჯვებულის – ინგლისის, 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის, სამოასა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშა და რაგბის გულშემატკივარს თავი დებიუტშივე დაამახსოვრა.

ბორჯღალოსნების ინაუგურაცია ინგლისთან შედგა და ის პერიოდულად მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდა. 8 წუთის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო, თუმცა შემდგომში ინგლისელთა კლასმა და ფიტნესმა თავი იჩინა, მატჩი 84:6 დასრულდა. მეორე მატჩში მგეზავმა პავლე ჯიმშელაძემ ორი ჯარიმით და ერთი გარდასახვით გუნდს 9 ქულა შესძინა, თუმცა თამაში სამოას გამარჯვებით დასრულდა – 46:9.

პერთიდან სიდნეიში გადასულმა ქართველებმა სამხრეთ აფრიკას კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია. “სპრინგბოკს” გარკვეული დრო დაჭირდა მეტოქის გასატეხად და 46:19 იმარჯვა. ერთი პერიოდი ქართველები მოედანზე 2-კაცნაკლული დარჩნენ, ხოლო დავით დადუნაშვილმა ამოგდებული მხრის ტკივილი დაივიწყა და მსოფლიო თასზე ქართველთა პირველი ლელო დაამიწა. საფინალო სასტვენის შემდეგ მაყურებელმა საქართველოს ნაკრები ოვაციებით დააჯილდოვა და მორაგბეებმაც ისე უპასუხეს, თითქოს ელისის თასი მოიგეს. ტურნირი ურუგვაისთან მატჩით დასრულდა, სადაც სამხრეთ ამერიკელებმა 24:12 იმარჯვეს.

2007 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე საქართველო ორრაუნდიან დაძაბულ პლეი ოფში პორტუგალიის ძლევით გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები მასპინძელი საქართველო, ბრინჯაოს მედალოსანი არგენტინა, ირლანდია და ნამიბია იყვნენ.

წარუმატებელი პირველი ტაიმის შემდეგ, ლიონში არგენტინამ მეორე ტაიმში 4 ლელოს დადება და 33:3 მოგება მოახერხა. ბორდოში შეკრებილ მაყურებელს მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე დიდი შოკის ხილვამდე სულ ცოტა დააკლდა, რადგან საქართველო მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ირლანდიას 10:7 ამარცხებდა. დემპსის ლელომ ირლანდიელებს შეფაკლული ლოყები გაუფერადა, თუმცა ისინი მადლობელი იყვნენ ვიდეო-რეფერის გადაწყვეტილების, რომელმაც მათ სირცხვილი აარიდა.

საქართველო ლანსში გაემგზავრა და აქვსენტი გიორგაძის, ირაკლი მაჩხანელის და დავით კაჭარავას ლელოებით, ასევე მერაბ კვირიკაშვილის 15 ქულით ნამიბია დაამარცხა. ეს იყო საქართველოს პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე – 30:0. დასკვნითი მატჩი წარმატებული ვერ გამოდგა და საფრანგეთმა მარსელში 64:7 იმარჯვა.

2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე საქართველოს შეეძლო მამუკა გორგოძით და ტოპ 14-ში გამოცდილი მორკინალებით დაეკვეხნა. ნესტიან ინვერქარგილში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ულელოო თამაშში შოტლანდიამ 15:6 იმარჯვა. ჯგუფის სხვა მატჩებში ინგლისმა 41:10, ხოლო არგენტინამ 25:7 იმარჯვა, მას შემდეგ რაც ტაიმი 5:7 დათმო. საქართველომ 25:9 დაამარცხა კარგად ნაცნობი რუმინეთი.

ჰეიგი გუნდის მთავარ მწვრთნელად 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაინიშნა და მორკინალების ძლიერ თამაშს ხაზის მოთამაშეების აქტიურობა შემატა. გუნდის კაპიტნისა და თილისმის, მამუკა გორგოძის კარგი თამაშით ფრთაშესხმულმა ქართველებმა ტონგა ენერგიულ თამაშში 17:10 დაამარცხეს. საქართველო არგენტინასთან 45 წუთის შემდეგ 9:14 აგებდა, მაგრამ გორგოძემ ყვითელი ბარათი რომ მიიიღო ‘პუმებმა’ 54:9 იმარჯვეს.

მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას ‘წითლებმა’ გააფთრებულიი ბრძოლა გაუმართეს, რასაც ‘ოლ ბლექსის’ შეცდომებიც დაემატა და საბოლოოდ 43:10 დაფიქსრდა. ამ თამაშში ლელო ბექა წიკლაურმა დადო, ხოლო მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიზნის შესასრულებლად საქართველოს ექსეტერში ნამიბია უნდა დაემარცხებინა. ბრძოლა მძიმე გამოდგა, ნამიბია 10 ქულას იგებდა, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა 17:16 მოგება მოახერხეს. ეს არ იყო 8 წლის წინანდელი 30:0, მაგრამ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით საქართველოს 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მიეღო.

 

რეკორდი

შერკინების ნახევარმცველი ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა. 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან გამართული მატჩისას ის მხოლოდ 18 წლის 340 დღის იყო, რითაც ამერიკელი თრეთონ პალამოს რეკორდი გააუმჯობესა.

მაღლა მდგომი

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ რეიტინგში მასზე მაღლა მდგომი ტონგა დაამარცხა. მანამდე ქართველებს მსოფლიო თასებზე ნამიბია და რუმინეთი ყავდათ დამარცხებული, თუმცა ეს ბევრად უფრო ფასეული გამარჯვება იყო, რომელიც მამუკა გორგოძისა და გიორგი თხილაიშვილის ლელოების შედეგად დადგა.

წარუმატებლობა

2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველო ურუგვაისთან ფავორიტი იყო, მაგრამ შეცდომები მრავლად დაუშვა და სამხრეთამერიკელებმა 24:12 მოიგეს.

კვირიკაშვილი მეორეზე

მერაბ კვირიკაშვილი მეორე ადგილზეა მეორე დონის გუნდების მორაგბეებს შორის მსოფლიო თასზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით. მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამოელ ბრაიან ლიმას (18) ჩამორჩება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები