LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ქუთაისის აეროპორტით სარგებლობს

83

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, დღეს საქართვლოს დელეგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლარნაკაში გაემგზავრა, სადაც 9-11 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იმართება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.

„2012 წლიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი,  დაახლოებით, მილიონ მგზავრს მოემსახურა. მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება აეროპორტის ტერმინალის გაფართოების შესახებ. თუ დღეის მდგომარეობით, ტერმინალი ერთდროულად 600-მდე მგზავრს ემსახურება, გაფართოების შემდეგ,  ტერმინალი 2200 მგზავრს მოემსახურება. ვიზალირებალიზაციის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტზე დატვირთვა კიდევ უფრო გაზრდილია. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ევროპისკენ 10 მიმართულებით ხორციელდება ფრენები და ეს რიცხვი სულ უფრო მატულობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 114%-ით არის გაზრდილი და რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესო მომსახურებას ვუწევთ მგზავრებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტებისა და მოგზაურთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, თავად უცხოელი ტურისტების პროცენტული შემადგენელი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოსარგებლეთა 61%-ი სწორედ უცხოელი ტურისტია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ.

magti 5g