LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნატოსთან და გიორგისთან ერთად კონკურსში მონაწილეობის სურვილი გასული წლის მერე არ გამნელებია” – ნატო მეტონიძე და ნიკოლოზ რაჭველი გადაცემაში „არტ-FM“

29
nikolozrachvelinatometonidze

გადაცემის ლაივი LIVE

23 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნატო მეტონიძე და ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდნენ, რომელთაც „რუსთავი 2“-ის პოპულარულ მეგაშოუზე „დიდ სცენაზე“ ისაუბრეს.

– ნიკოლოზ, რამდენად მარტივად დათანხმდით, კონკურსის ჟიურის წევრობას?

– ევროპისა და ამერიკის შემდეგ, 2003 წელს მუსიკალურმა კონკურსებმა საქართველოში გადმოინაცვლა, მე და ნატო თავიდანვე ინტერესით შევხვდით ახალ წამოწყებას და აქტიურად ჩავებით უცხოური პროექტების ქართული ტელესივრცისთვის ადაპტირებას, შევიმუშავეთ წესები, ჟანრობრივად გადავანაწილეთ ტურები, განვსაზღვრეთ სხვა დეტალები, 2009 წელს კი, უარი თქვი საკუთარ უფლებამოსილებაზე, რადგან ჩავთვალე, რომ როგორც ჟიურის წევრმა უკვე ამოვწურე საკუთარი თავი, მით უფრო, რომ არასდროს მიყვარდა სხვისი შეფასება და კრიტიკული აზრის გამოთქმა. მართალია, ვთქვი, რომ აღარასოდეს მივიღებდი მონაწილეობას მსგავს პროექტში, მაგრამ გასულ სეზონზე, როცა ნატოს და გიორგის – როგორც „დიდი სცენის“ ჟიურის წევრებს უკვე მაყურებლის თვალით შევხედე, ძალიან მომინდა მათ გვერდით ყოფნა. წელს უამრავი გეგმა გვქონდა, საგასტროლო ტური ჩავიფიქრეთ, ორკესტრის საიუბილეო წლის აღნიშვნას ვაპირებდით და ყველაფერი წინასწარ გავწერეთ, თუმცა პანდემიამ ყველა გეგმა ჩაგვიშალა, მეტიც, თვითიზოლაციის პირობებში მუსიკის წერაც ძალიან გამიჭირდა, რადგან საშინელი სიცარიელე და იმედგაცრუება ვიგრძენი. სწორედ მაშინ მივიღე „რუსთავი 2“-გან შეთავაზება, რომელსაც სწრაფად დავთანხმდი, რადგან საქმე ნაკლებად მქონდა, ნატოსთან და გიორგისთან ერთად კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი, გასული წლის მერე არ გამნელებია. ვფიქრობ, ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, როცა ახალგაზრდებს ვეხმარებით, ვაძლევთ რჩევებს და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან წლების წინ, მეც ზუსტად ამგვარი მხარდაჭერა მივიღე და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია დამწყები მუსიკოსისთვის სტიმული და მოტივაცია. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებთან ერთად ისევ მომეცა პროექტში მონაწილეობის და საერთო საქმის კეთების საშუალება.

– ნატო, მართლაც არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ წლევანდელ კონკურსში, გყავთ თუ არა ფავორიტი?

– ფავორიტებს ნამდვილად ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან არაკორექტული იქნება, თუმცა ავღნიშნავ, რომ პროექტის წარმატებას სწორედ მონაწილეები განსაზღვრავენ, რადგან მხოლოდ საინტერესო, ნიჭიერ კონკურსანტს შეუძლია მაყურებლის მიზიდვა, ამიტომ მიხარია, რომ წინა სეზონთან შედარებით, ახლა ბევრად უკეთესი მონაწილეები გვყავს.

– ნიკოლოზ, თქვენი აზრით რა მთავარ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს მეგაშოუ?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რეპერტუარი, რომელსაც მუსიკალური პროდიუსინგი გვთავაზობს. რეპერტუარი სხვადასხვანაირი არსებობს, შეიძლება ჩვენს გემოვნებას აკმაყოფილებდეს, ან იყოს პოპულარული, მაგრამ ჩვენ არ მოგწონდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია გარკვეული ნიუანსები, რადგან პოპულარული სიმღერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კონკურსანტი სრულფასოვნად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოდგენას.

– მართალია, კონკურსი მრავალფეროვან ტურებს აერთიანებს, მაგრამ ახალი, ორიგინალური ტურის შემოღების სურვილი ხომ არ გაქვთ?

– გასულ კონკურსზე გიორგის ჰქონდა 1990-იანი წლების ქართული, ე.წ. „ანდერგრაუნდის“ მუსიკის ტურის დამატების იდეა, თუმცა დროის სიმცირის გამო, ვერ შევძელით მისი დეტალურად განხილვა და პრაქტიკული განხორციელება. არაა გამორიცხული, სწორედ წელს დავუბრუნდეთ გიორგის შემოთავაზებას და მართლაც მოვიფიქროთ რაიმე ახალი.

– ნატო, ტელეშოუს სპეციფიკის გათვალისწინებით, ნიჭიერი კონკურსანტი ხომ არ დაგიჩაგრავთ ოდესმე ტელესივრცისთვის მომგებიანი კონკურსანტის სასარგებლოდ?

– ნებისმიერი ტელეპროექტისთვის აუცილებელია შოუს ელემენტები. მართალია, ადრე რამდენიმე პროექტის პროდიუსერმა ჩვენი გადაბირება სცადა, მაგრამ ამგვარ კომპრომისს არასდროს ვთანხმდებით. საბედნიეროდ, წელს მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, არც განსაკუთრებული ვალდებულებებით ვართ შეზღუდული.

– ნიკოლოზ, როგორ შეეგუეთ სამთვიან კარანტინს, რამდენადაც ვიცი, კულინარიის საოცარი ნიჭი აღმოჩინეთ საკუთარ თავში?

– სამწუხაროდ, მუსიკოსებს არ გვაქვს მზა კერძების სერვისით ყოველდღიურად სარგებლობის ფუფუნება, ამიტომ სხვების მსგავსად მეც ჩვეულებრივ მაღაზიაში ვყიდულობდი პროდუქტს, მერე კი, ინტერნეტის დახმარებით ვამზადებდი კერძებს. ზოგი კარგად გამომივიდა, ზოგს კი, რამდენიმე ცდა დასჭირდა. კულინარიულ კვლევებს ახლაც ვაგრძელებ და აუცილებლად თვითონ ვიმზადებ სადილს, როცა სახლიდან გასვლა არ მინდა.

– ხშირად ჩნდება კითხვა თქვენ პირად ცხოვრებაზე, ბევრი ინტერესდება რატომ არ ჩქარობთ დაოჯახებას?

– მამაჩემმა 60 წლის ასაკში გადაწყვიტა დაქორწინება, მაშინ როცა დედა 41-სა იყო, ამგვარ ოჯახში გავიზარდე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არც მე ვჩქარობ ოჯახის შექმნას. ჯერ ნამდვილად არავინ მიყვარს ან შესაძლოა მუსიკა და მაყურებლით სავსე დარბაზია ჩემი ერთადერთი სიყვარული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები