საქართველოში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა თიანეთის რაიონში მოხდა. ინფექცია სოფელ ტუშურებში პირუტყვს და მის მეპატრონეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს აღმოაჩნდა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ჯილეხის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დასახლებაში უკვე ჩატარებულია დეზინფექცია, სოფელში შემოწმდა საქონელი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. პრევენციის მიზნით, გარკვეული პერიოდი აღნიშნული სოფლიდან შეჩერდება ხორცისა და რძის პროდუქტის გატანაც. დაინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული.
“ეს შემთხვევა დაფიქსირდა ლოკალურად ერთ ოჯახში. ამ ოჯახში გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ეს გულისხმობს პირველ რიგში ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ნიმუშების აღებას, ლაბორატორიაში გადაგზავნას, ადგილზე დეზინფექციების ჩატარებას და რა თქმა უნდა ცხოველების იმუნიზაციას, არამახოლოდ იმ ოჯახში, არამედ მთელ სოფელში და მის მომიჯნავე სოფლებში”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ ტყებუჩავამ.
სპეციალისტების ვარაუდით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები არ იძლევა დასახლების კარანტინში მოქცევის საჭიროებას.