სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს. 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ” – აცხადებს შსს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, იური ლომაძეა.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მისი ძმაც არის.
დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოტივად შურისძიება სახელდება.