14 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის „გაზაფხულია“ პრემიერით.
– ნინი, ახალი ნამუშევარი ძველი სიმღერის ახლებური ვერსიაა, რატომ გადაწყვიტეთ მისი თავიდან ჩაწერა?
– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, მუსკის ავტორი კი ერეკლე დიდიაა, რომელმაც მხოლოდ ერთი, თუმცა საოცრად იღბლიანი, სიმღერა მაჩუქა. მართალია, ძველმა ვერსიამ უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ მაინც ხშირად მირჩევდნენ მისი ახალი ჟღერადობით ჩაწერას. თავიდან უარზე ვიყავი, თუმცა მოგვიანებით მეც მომეწონა იდეა და ბორიკო შხიანს მივმართე. უამრავი ვერსია ჩავწერეთ და საბოლოოდ საუკეთესო ავარჩიეთ, მერე კი, კლიპზე დავიწყეთ ფიქრი. ძველი, ნაკლებად ცნობილი რეკლამა გამახსენდა და სწორედ მისით შთაგონებულმა გავუზიარე საკუთარი იდეები ქორეოგრაფ ირაკლი ფიფიას, რადგან ჩავთვალე, რომ ხალისიან სიმღერას ცეკვაც ძალიან მოუხდებოდა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მოცეკვავეები ნიკა ნოზაძე და ანი ლოლაძე მივიწვიეთ და პრაქტიკულად ერთ დღეში დავასრულეთ გადაღებები.
– თვითონ რამდენად კმაყოფილი ხართ კლიპით?
– არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობდა სიმღერაზეც და კლიპზეც, ამიტომ შეუძლებელია უკმაყოფილო ვიყო.
– გადაღებებს დედაც ესწრებოდა, რომელიც ნებისმიერ წამოწყებაში მხარს გიჭერთ და გეხმარებათ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი აზრი?
– მართალია, დედა სიმღერის ჩაწერას არ ესწრებოდა, მაგრამ პირველმა სწორედ მან მოისმინა ახალი ნამუშევარი. მცირე კორექტივები შეიტანა, თუმცა ერთიანობაში მაინც მოიწონა, რადგან ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ყოველთვის კარგად გვესმის ერთმანეთის.
– სამომავლოდ რას გეგმავთ, უცხოეთიდან ხომ არ გაქვთ შეთავაზება?
– სამწუხაროდ, ჯერ არანაირი შეთავაზება არ მიმიღია. პანდემიის შემდეგ ყველა ერიდება მასშტაბურ ღონისძიებებს, საქარველოშიც ნაკლებად ეწყობა კონცერტები. თუმცა, რეგულაციების ნაწილი შემსუბუქდა, ზოგი საერთოდ მოიხსნა და იმედია ზაფხულის ბოლოს მაინც შევძლებთ მსმენელის ძველებურად გახარებას. მართალია, გადაიდო ჩვენი ფილმის „ხიდის“ პრემიერაც, რომელიც თურქეთსა და საქართველოში ერთდროულად უნდა შემდგარიყო, მაგრამ ჩვენთვის ასე უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან გარკვეული კორექტივები შევიტანეთ და საბოლოო ვერსიის ჩაბარაბას აგვისტოში ვგეგმავთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი