სამწუხაროდ, შევეჩვიეთ რომ არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ სამ საათში შეუძლიათ საქმე გახსნან და ჭეშმარიტება დაადგინონ, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, ეს უბრალოდ „არაკომპეტენტურობის ინდიკაციაა“. ამასთან, ჯეჯელავას თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელია და ჟურნალისტი არ არის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მათ მოკვლევა. მათ შორის აზერბაიჯანელი კოლეგებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია რომ ის იყო რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის. მე ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს იგი. პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა. თუმცა გამოძიება დაწყებულია სწორედ იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ზუსტი ინფორაცია გვექნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.