LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფორტუნა პლუსი“ 20 წლის გახდა

914
FORTUNA. GE

რადიო „ფორტუნა პლუსი“ დღეს იუბილარია. დღევანდელ დღეს, პირველ სექტემბერს, პირველად გაისმა ეთერში დიჯეის ხმა, რომელიც იუწყებოდა, რომ ეთერში ახალი რადიო იწყებდა ფუნქციონირებას – უახლესი ჰიტების ტალღა, რომელმაც 2000 წელს, ანუ ზუსტად 20 წლის წინ, უამრავი მსმენელი შეიძინა და რეიტინგების სათავეში მოექცა. რადიო დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და მაღალ რეიტინგს.

ჩვენ მის დიჯეებს რადიო „ფორტუნა პლუსში“ პირველი დღის გახსენება ვთხოვეთ. ამ შეკითხვით, პირველ რიგში, რადიოს პროგრამების დირექტორს, რეზო კაკულიას მივმართეთ.

რეზო კაკულია:

ჩემი პირველი დღე „ფორტუნა პლუსზე“ ემთხვევა იმ დღეს, როცა გაიხსნა ეს რადიო. შესაბამისად, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა – „თქვენ უსმენთ ფორტუნა პლუსს…“

ეს რომ ყოფილიყო ჩემი პირველი გასვლა ეთერში, ალბათ, უფრო მეტი ემოცია მექნებოდა, მაგრამ 2000 წლის პირველ სექტემბერს მე უკვე ოთხწლიანი გამოცდილება მქონდა არაერთ სხვადასხვა რადიოში. ეს ჩემთვის ახალი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ემოცია მაინც მქონდა, რადგან პირველად ვიწყებდი მუშაობას რადიოში, რომელიც მთელ საქართველოს ფარავდა. გარდა ამისა, იმედია, არ ეწყინებათ სხვა რადიოსადგურებს, სადაც მიმუშავია, მაგრამ აქ რომ მოვედი, პირველად ვნახე, რომ ასეთი აპარატურა საქართველოში არსებობდა (იცინის). პირველი ჩემი განცდა იყო ის, რომ მოვხვდი დიჯეის, მუსიკალური წამყვანის სამოთხეში…

რა შეგძინა „ფორტუნა პლუსმა“?

ყველაფერი… ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამ 20 წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ძალიან მიყვარს „ფორტუნა პლუსი“. დავიწყე, როგორც წამყვანმა და ორ წელიწადში პროგრამების დირექტორად დამნიშნეს. ყველაფერი ჩემი აწყობილია და ამას არ ვუყურებ, როგორც სამსახურს. მეც შემაქვს რადიოსადგურის პოპულარიზაციასა და მუშაობაში დიდი წვლილი. ეთერში უკვე იშვიათად ისმის ჩემი ხმა, მაგრამ ეთერს გარეთ ბევრი სამუშაოა.

გიგა ბატკუაშვილი, დიჯეი:

ძალიან კარგად მახსოვს პირველი დღე „ფორტუნა პლუსზე“ 2002 წელს, 25 ივლისს, ეს დედაჩემის დაბადების დღე გახლდათ. მაშინ „ფორტუნა პლუსს“ ჰქონდა ტურნე, მე პირველად დავჯექი ეთერში და ყველა ბორჯომში გაემგზავრა… მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მქონდა, პირველ ეთერზე მაინც ხელები მიკანკალებდა და ისეთი ემოცია იყო, რომ დღესაც ძალიან ნათლად მახსოვს (იღიმის).

რა მოგცა ამ რადიომ?

ბევრი კარგი რამ – გამოცდილება, ხალხთან ურთიერთობა და პოპულარობა. 2002 წელს რადიო იყო რეიტინგში პირველ ადგილზე, უამრავი მსმენელი ჰყავდა და დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციას. მიხარია, რომ ამდენი წელი ერთგულად ვემსახურები ჩემს რადიოს (იღიმის).

პაატა დათუნაშვილი, დიჯეი:

ჩემი პირველი დღე იყო კანკალი, შიში… მოგატყუე (იცინის). სინამდვილეში არ მინერვიულია, რადგან „ფორტუნა პლუსში“ „ფორტუნადან“ გადმოვედი, სადაც ორი წელი ვიმუშავე. სულ ამჩნევდნენ, რომ უფრო მეტად „ფორტუნა პლუსის“ ფორმატს ვერგებოდი. პირველი ეთერი ამ რადიოში რვა წლის წინ შედგა, 22 წლის ვიყავი, დღე არ მახსოვს, მაგრამ მგონი, გაზაფხული იყო…

„ფორტუნა პლუსმა“ ძალიან ბევრი რამ შემძინა, სხვა სფეროებიც გამიხსნა. რეკლამის გახმოვანების კუთხით უამრავი შეთავაზება მქონდა. ჩემი ხმაც უფრო დაიხვეწა… ვთანამშრომლობდი „მიუზიკბოქსთანაც“. დღეს რომ გარკვეულ ეტაპზე მოვედი, „ფორტუნა პლუსის“ დიდი დამსახურებაა. სწორად ვიპოვე ჩემი რადიო (იღიმის).

რადიომ ასევე მომიტანა უამრავი ადამიანის სიყვარული, თბილი დამოკიდებულება. ყოველთვის მახარებს ხოლმე ის დღეები, როცა ძველი მსმენელები გვიკავშირდებიან და იმავე მუხტით ატარებენ დღეებსა თუ საღამოებს „ფორტუნა პლუსთან“ ერთად.

 ნიკო ცალანი, დიჯეი::

20 წლის იუბილე აქვს ,,ფორტუნა პლუსს” და ზუსტად ამდენივე წელია არის მოწოდების სიმაღლეზე, ყოველთვის იყო და არის გამორჩეული ტალღა ქართულ fm-სივრცეში. საკმაოდ კარგი შეგრძნებაა, როცა შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.

მახსოვს, ხუთი წლის წინ პირველი ეთერი, როგორ ვნერვიულობდი მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება უკვე მქონდა ამ სფეროში, იყო რა თქმა უნდა კურიოზული შემთხვევებიც,  თუმცა,  საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს  ,,ფორტუნა პლუსთან“ ერთად გავიზარდე მეც.

წინ, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო გამოწვევა გველის ერთად თუ ცალცალკე, თუმცა, ორივე შემთხვევაში ბევრი კეთილი სურვილი ჩემგან დღეს იუბილარ უახლესი ჰიტების ტალღას. მადლობა პირველ რიგში პროფესიონალთა გუნდს, რომელთან ერთადაც ვქმნით ხარისხიან და რეიტინგულ პროდუქტს, მადლობა  მსმენელს, რომელიც წლებია ერთგულად გვგულშემატკივრობს და თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანს დროს ატარებს ჩვენთან ერთად! თან საუკეთესოდ!

ქეთი ქორიძე:

სანამ „ფორტუნა პლუსში“ მოვიდოდი, მანამდე „ავტორადიოში“ ვმუშაობდი, დაახლოებით ერთი წელი, რეზერვის პოზიციაზე. ახალი წლის პერიოდში შემომთავაზეს „ფორტუნა ოლუსზე“ გადასვლა, ჩემთან ახლოს ყოველთვის იყო ეს რადიო და ყველაზე მეტად ამ რადიოს წამყვანებთან ვმეგობრობდი. ორ დღეში გადმომიყვანეს, პულტი არ ვიცოდი და ორი დღის განმავლობაში 24 საათი ვიჯექი სტუდიაში, რომ პულტი ამეთვისებინა. 2 იანვარს, ბედობის დღე დამსვეს ეთერში და დავიბედე „ფორტუნა პლუსი“, სადაც აგერ უკვე მეათე წელია, ვმუშაობ.

პირველ დღეს მაინც ვნერვიულობდი ხარვეზებზე, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო… იყო ერთი-ორი, რაც მწარედ მახსოვს…

რა შეიძინე აქ მუშაობისას?

პირველ რიგში, მეგობრები შევიძინე, ასევე მსმენელები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ეს არ არის ტრაფარეტული სიტყვები. ასევე ძალიან მიყვარს მუსიკა და ეთერში ყოფნა… რაც მთავარია, შემძინა მეუღლე, რომელიც აქ გავიცანი (იღიმის).

ანი გიგაური, დიჯეი:

ჩემი პირველი დღე „ფორტუნა პლუსზე“ იყო ემოციების დიდი ზღვა, რაც კი განმიცდია. საოცარი შეგრძნება იყო. მარტო ხარ სტუდიაში და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა, რომ ეთერი კარგი, ხარისხიანი და დადებითი ემოციებით დატვირთული გამოვიდეს.

ბავშვობიდან „ფორტუნა პლუსის“ მსმენელი ვარ და აქ დიჯეად მუშაობა ჩემი ოცნების ახდენაა. მუშაობა 5 წლის წინ დავიწყე. ყოველი ახალი ეთერი სიამოვნების განცდაა. მაინც დაძაბული ხარ, რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ფიქრობ, რაიმე არ შეგეშალოს, რომ მსმენლი კმაყოფილი იყოს და არ დაკარგოს პოზიტიური განწყობა.

მერიკო ნიკოლაიშვილი, დიჯეი:

2016 წლის 23 ივლისს მქონდა პირველი ეთერი. ,,ფორტუნა პლუსი” ჩემთვის პირველი რადიო იყო და აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ძალიან მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, ასევე უზომოდ ვნერვიულობდი, მეგონა ლაპარაკი დამავიწყდებოდა. საბოლოოდ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და დღემდე განსაკუთრებული ემოციით მახსენდება პირველი ეთერი.

ახლა უკვე რადიო ჩემი მეორე სახლია და მის გარეშე უბრალოდ ვერ წამომიდგენია. ბედნიერებაა, როცა შენი სამსახური გიყვარს და დიდ სიამოვნებას განიჭებს შენი საქმე. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ამ ჰოლდინგში მოხვედრით. აქ მუშაობის პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე, მივიღე დიდი გამოცდილება და შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g