ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა, ილია ელოშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც მისი ხელმძღვანელობით დარგი უნდა გაუმკლავდეს.
„ვეცდები, მაქსიმალურად შევინარჩუნო და განვავითარო ის მიღწევები, რომლებიც დღესდღეობით რეალურად არსებობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ამის ირგვლივ ვიტრიალებთ ჩვენ შემდეგი წლების განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონი გეოგრაფიულად ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხო და ენერგოდამოუკიდებელი, ასევე იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც შეიძლება ენერგეტიკის სფეროში ჩვენს რეგიონში იყოს. ეს მიმართულებებია – დამატებითი გენერაციის წყაროებით განახლებად ენერგიაზე აქცენტირება, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი და სხვა მიმართულებები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ენერგეტიკის სფეროს წარმატებას და განვითარებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ელოშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად დღეს დანიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ელოშვილმა კახა კალაძე ჩაანაცვლა.