ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა. ამ ეტაპზე, პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიმართ ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა.
შეგახსენებთ, „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს. 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/ -ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2-კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.