ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ლიკა დოლიძე სტუმრობდა, რომელმაც შემოგვთავაზა სიმღერის ,,რა ყოფილა გურია” ცოცხალი შესრულება და ისაუბრა შემოქმედებით ცხოვრებაზე. ეთერის ბოლოს კი დააპრემიერა სიმღერა სახელწოდებით ,,ისევ შენს ლოდინში”
შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, რომ გაიხსენო..
პირველ რიგში მივესალმები თქვენი რადიოს ერთგულ მსმენელს, თქვენთან პირველად ვარ და მადლობას გიხდით მოწვევისთვის, კეთილი და ფეხბედნიერი იყოს ჩემი სტუმრობა, მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. არ მინდა ბანალური ვიყო, თუმცა მართლაც ასეა, ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როდესაც მივედი ანსამბლ ,,ლახტში” ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან, სადაც მღეროდა უნიჭიერესი ადამიანი ლევან ლაზარიშვილი. მოხდა ისე, რომ ანსამბლში იყო 11 ბიჭი და მე ერთი გოგო, მის შემდეგ დამებედა და სულ ბიჭებთან ერთად ვმღერი. უკვე დიდობაში ვიყავი სხვა ანსამბლში, რომელსაც თუ სწორად მახსოვს ერქვა ,,მშვიდობის მტრედი” გოჩა ლორიას ხელმძღვანელობით. მაშინ ჩვენმა უსაყვარლესმა კომპოზიტორმა მიშა ზაქარიაშვილმა მანდო თავისი დაწერილი სიმღერა ”მზეო თიბათვისაო”, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი აღმავლობა.
რთული იყო თუ არა შენთვის ის პერიოდი, როდესაც აქტიურად დაიწყე მუსიკასთან ურთიერთობა?
მიუხედავად 90-იანებისა ეს პერიოდი ძალიან ლამაზად მახსენდება, ვტრიალებდი კარგი ადამიანების გარემოცვაში, ოჯახში სულ სიმღერა გაისმოდა, მოდიოდნენ მამას მეგობრები. როდესაც ,,მზეო თიბათვისაო” ჩავწერეთ, გოგი დოლიძეს დაჰქონდა ტელევიზიაში ფირით. რთული პერიოდი იყო, თუმცა მაინც ტარდებოდა კონცერტები და იწერებოდა კლიპები.
ვიცით, რომ რაღაც პერიოდი წასული იყავი ემიგრაციაში, მოგვიყევი ამის შესახებ..
საქართველოდან წავედით იმის გამო, რომ აქ ძალიან რთული პერიოდი იყო, ჩვენს ოჯახს ასე სჭირდებოდა. არა მარტო ქართულ ესტრადას, არამედ საქართველოსაც ძალიან გაუჭირდა მაშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ წავსულიყავით. რომელი ქვეყნიდანაც იყო შემოთავაზება იქ წავედით, არ გვეგონა ამდენ ხანს თუ წავიდოდით, თუმცა ამასობაში გავიდა 20 წელი. შევიძინე უამრავი მეგობარი და იქაც მყავს მეორე ოჯახი.
ახლა კი გადავიდეთ ბენდზე, რომელიც დიდი ხანია შექმნილია და საკმაოდ მოთხოვნადია..
იდეა ეკუთვნის ჩემს მეუღლეს, როდესაც დავბრუნდით ემიგრაციიდან მახომ გადაწყვიტა ბენდის შექმნა, რათა ჩემი საქმე მქონოდა. ბენდი შედგება 10 მუსიკოსისგან, ვისარგებლებ შემთხვევით და ყოველთვის გადავუხდი მადლობას მათ, ისინი ძალიან მეამაყებიან. როგორც მე, ასევე ჩემი და, სალომე დოლიძეც მღერის ამ ჯგუფში. ასევე გვყავს არაჩვეულებრივი გოგო ელენე ვახანია, რომელიც კლავიშზე უკრავს და მღერის არაჩვეულებრივად. გვაქვს როგორც ქართული ქავერ ვერსიები, ასევე უცხოურიც. უნდა აღვნიშნო, რომ ქართული ვერსიები ეკუთვნის ჩვენს ბენდს, ბატონი ზურაბ მახნიაშვილის ხელმძღვანელობით, არანჟირებაც არის მისი. გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა, ჩვენი მიზანი და მისია არის, რომ გვქონდეს საკუთარი რეპერტუარი.
ოჯახში როგორც ვიცით გაქვს გაკვეთილები, იმის შესახებ, რომ ქართულად ისაუბრონ..
20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი რუსეთში, ჩემი პატარა შვილი 8 წლის სანდრო ძალიან საოცრად ლაპარაკობს ქართულად, რადგან იქ დაიბადა და გაიზარდა. ჩვენ სამი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდით ამიტომ ცოტა უჭირს საუბარი. სწავლობს ქართულად, წერს ძალიან კარგად. ჯერ არის მშობლიური ენა და შემდეგ სხვა ყველა დანარჩენი.
და ბოლოს სიმღერის პრემიერა..
სიმღერის ავტორი გახლავთ ლილიკო ნემსაძე, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, არანჟირება არის ჩემი არაჩვეულებრივი ზურა მახნიაშვილის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურას, რადგან დებს ახალ იდეებს არანჟირებაში. სიმღერა არის დიდი ხნის წინ დაწერილი, მივუტანეთ ზურას ჩავწერეთ, ახლა კი მოგიტანეთ თქვენ.
ლიკა დოლიძე – ისევ შენს ლოდინში
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლიკა დოლიძე – ანჩისხატი. Live
ლიკა დოლიძე – რა ყოფილა გურია. Live
ლიკა დოლიძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები