ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო საჰაერო ნაკადების მოძრაობის მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა. ამაზე მიუთითებს ის მონაცემები, რომლებსაც Eurocontrol ავრცელებს.
Eurocontrol-ის 2 ოქტომბერის მონაცემებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადები ქვეყანაში 2019 წლის 2 ოქტომბერთან შედარებით 87%-ით არის შემცირებული და ეს ყველაზე დიდი ვარდნაა Eurocontrol-ის წევრ ქვეყნებს შორის.
აღსანიშნავია, რომ სულ 2 ოქტომბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში 17 ფრენა შესრულდა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცა 1-ელ ნოემბრამდე ჩაკეტილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნოტამის მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე: მიუნხენი, პარიზი, რიგა.
საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან განახლდებოდა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა.