თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 230 აჭარის რეგიონში დაფიქსირდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აჭარაში შემცირდა, თუმცა გაიზარდა დედაქალაქში, სადაც ბოლო მონაცემებით კიდევ 134 ადამიანი დაინფიცირდა. მისივე თქმით, ქვეყანაში სულ 4 672 აქტიური შემთხვევაა, რომელთა შორის 60 კრიტიკულად მძიმე პაციენტად მიიჩნევა.
“გასული დღე-ღამის განმავლობაში 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 318 გამოჯანმრთელდა. აქტიური ქეისი არის 4 672. აქედან 60 კრიტიკული პაციენტი გვყავს, მათ შორის 59 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან. რაც შეეხება ახალი შემთხვევების გადანაწილებას რეგიონის მიხედვით, კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა აქ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბოლო დღეებში იკლო. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა დედაქალაქში. საერთო სურათი კი ასეთია:
აჭარა – 230,
თბილისი – 134,
იმერეთი – 68,
სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო ზემო-სვანეთი – 8,
შიდა ქართლი – 6,
კახეთი და მცხეთა-მთიანეთი – 5 “.
318 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი: საქართველოში კორონავირუსის 472 შემთხვევა დაფიქსირდა
მისივე ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. სამივე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა, დამატებით ინფორმაციას კი ის ამ დროისათვის არ ფლობს.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის განცხადებით, აღნიშნულ კლინიკაში ამ დროისათვის 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია.
“ჩვენთან კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე პაციენტია. არიან კიდევ სხვა საყურადღებო პაციენტებით. გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა და გუშინვე 3 ახალი პაციენტი დაგვემატა” – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ახალი დადასტურებული შემთხვევების ყველას წყარო ცნობილია.