ახალშექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებასა და ანალიზს მოახდენს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს და მისი მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები და დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.
ცენტრის მუშაობას დღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი გაეცნო. ის ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში, როდესაც გამორჩეულად მაღალია ინტერესი საარჩევნო პროცესების მიმართ, აუცილებელია გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ანალიზი.
ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გაიხსნა.
ცენტრი პირველი ოქტომბრიდან ამუშავდა და მონიტორინგს საარჩევნო პერიოდში განახორციელებს.
