საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით დაბა ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
დიდველის საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და კურორტი ბაკურიანი ტურისტებს მასპინძლობს. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი.
ალექსანდრე ონოფრიშვილი განცხადებაში დამსვენებლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბაკურიანის ტყეში პიკნიკის დროს კოცონის დანთებისგან, რათა არ მოხდეს ხანძრის კერების გაჩენა.
„მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით სახიფათოა ტურისტების მიერ უნებლიე სახანძრო სიტუაციების წარმოქმნის ხელშეწყობა. ტურისტების წინდაუხედაობამ, სიგარეტის ნამწვავის ტყეში გადაგდებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ხანძრის გაჩენას, ამიტომ მოვუწოდებთ დამსვენებლებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ“,- ნათქვამია განცხადებაში.