ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული, თუმცა აღნიშნა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა.
“სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ორი პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი და მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იყვნენ და მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმების ინფორმაციით, მათ კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადება ჰქონდათ და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.