ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ,,თბილისური კვარტეტი” სტუმრობდა, რომლებმაც რადიოს ეთეერში ცოცხლად შეგვისრულეს სიმღერა, ისაუბრეს კვარტეტის პირველ ნაბიჯებზე და მოგვიტანეს ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,ჩუმი ღამე”.
როგორ ჩამოყალიბდა ”თბილისური კვარტეტი”?
თემურ რიჟამაძე:
ვიდრე კვარტეტად ჩამოვყალიბდებოდით ერთმანეთი გავიცანით ფოლკლორულ ანსამბლ ,,მძლევარში”, ყველას ძალიან კარგად ახსოვს ონაშვილების სკოლა. მას შემდეგ ვმეგობრობთ და ვმღერით, რაღაც ეტაპის შემდეგ კი გაჩნდა აზრი, რომ კვარტეტი გავმხდარიყავით. დაგვეხმარა დათო არჩვაძე, პირველი ნაბიჯები გავიარეთ მასთან ერთად. ის იყო ამ საქმის სულის ჩამდგმელი, სწორედ მან შეურჩია ანსამბლს ეს სახელი.
თქვენი კვარტეტი გამოირჩევა ჭეშმარიტი ქართული ჟღერადობით, გამოვყოფდი სიმღერას ,,სიყვარული ძნელია”, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი არანჟირება. როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?
ეს სიმღერა გაკეთდა ბატონ ვატოსთან ერთად, სრული წესების დაცვით, მისი რეკომენდაციებისა და რჩევა-დარიგებების გათვალისწინებით, რადგან როდესაც საქმე ეხება ბატონ ჯანსუღ კახიძეს სათუთად უნდა მოვეპყროთ მის სიმღერებს. იდეა ეკუთვნის დაჩის, მისი სურვილი იყო ამ სიმღერის შესრულება. ძლივს გავიარეთ კონსულტაციები და შედგა შეხვედრა. მათი თხოვნა იყო, რომ ორკესტრი ყოფილიყო ნოტი-ნოტში. გავაკეთეთ ახლებური ვერსია, რაც ძალიან მოეწონა მაესტროს.
როგორია თქვენი ცხოვრება შემოქმედებითად ამ პანდემიურ ფონზე?
როდესაც შენი ცხოვრება დინამიურია და მითუმეტეს, როდესაც ხარ ხელოვანი ადამიანი, არ გეპატიება ყურების ჩამოყრა. ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ მოტივირებულები, რომ ჩვენი მსმენელი გავახალისოთ და ვასიამოვნოთ ახალ-ახალი სიმღერებით. პანდემიამ გვაჩუქა თავისუფალი დრო, ამ პერიოდში ოჯახი, ბავშვები ბედნიერები არიან, რომ ყველანი ერთად ვართ. შემოქმედებითადაც გარკვეული დადებითი როლი შეასრულა თვითიზოლაციამ, ვიმუშავეთ ახალ ვერსიებზე და გამოვიყენეთ მაქსიმალურად თავისუფალი დრო.
ახლა კი ვისაუბროთ იმ სიმღერაზე, რომლის ავტორიც გახლავთ დაჩი და რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ..
დაჩი ბახუაშვილი:
იდეა მოვიდა პანდემიამდე, მუზა კი გახლავთ ჩემი მეუღლე. ჯერ დავწერე მუსიკა, შემდეგ კი მამას ვთხოვე ტექსტის მონახაზი. ცოტახნის წინ ჩავწერეთ, კი ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ ლოდინად ღირდა. ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა.
თემურ რიჟამაძე:
ძალიან კარგი სიუპრიზი იყო, დაჩი მხოლოდ მომღერლად არ უნდა მოიაზრებოდეს ის თავის ჟანრში, ხმაში უბადლოა. კვარტეტის ბარიტონია და ჩვენი საყრდენია. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეპერტუარში ერთ-ერთი კარგი სიმღერა გამოვიდა. ჩვენი კვარტეტის წევრებს ილიას და ლუკას მოვიკითხავთ აქედან, გვაკლიხართ ბიჭებო.
თბილისური კვარტეტი – ჩუმი ღამე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თბილისური კვარტეტი – პოპური (პანკესას სიმღერა, ალილო). Live
თბილისური კვარტეტი – პაწაწინა სამოთხე. Live
თბილისური კვარტეტი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები