საქართველოში მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად 08:00 საათიდან დაიწყო.
დღეს ბოლო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ქვეყნის კონსტიტუცია, მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.
ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. საზღვრებს გარეთ შექმნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილია 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანია გახსნილი.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.
30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.
საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
