ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და დიდი იმედი აქვთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის მანდატის მქონე ოპოზიციონერებს, ნებისყოფა არ უმტყუნებს და პარლამენტში არშესვლას გადაიფიქრებენ.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა (სულ 21 პარტიამ) ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კომენტარებიც გააკეთეს.
„როცა ყველა პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ შევლენ პარლამენტში არც დე ფაქტოდ და არც დე იურედ, ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ უნდა მოიძებნოს ისეთი, რომელიც აღმოჩნდება მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის”. ეს ერთ-ერთი პუნქტია ერთობლივი განცხადების. რომ არ მოხდეს ის, რაც 2009 წელს მოხდა, მე და რამდენიმემ უარი რომ ვთქვით მანდატებზე და არ შევედით პარლამენტში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ დეკლარირებულ პოლოტიკურ შეთანხმებას უნდა ჰქონდეს ისეთი ფასი, რომლის დარღვევაც საკუთარ ამომრჩეველთან ნიშნავს გამოუსწორებელ და ფატალურ შეცდომას“, – განაცხადა „სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ არც ერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. კაპანაძე იქვე დასძენს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ხალხი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის წინააღმდეგ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები დააწესოს.
კაპაძის განცხდებით, „ივანიშვილს შეუძლია ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოიყენოს ოღონდ თავისი პოლიტიკური ტყავი გადაირჩინოს“.
დავით ბაქრაძე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
„უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება“ ,- ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ყოფილი პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
„პირველ რიგში აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე და საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში დღეს არის შეკრებილი – ოპოზიციის ლიდერები, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე წავიდნენ და ხმა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ და ისინი ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ. აი, აქ გადის ბრძოლის ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძლიან მკაფიო, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ მისი პრემიერ-მინისტრობის და წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით – ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილება, უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტიანად იყენებს ხელისუფლება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილმა.
ამასთან, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს.
„პირველი და მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელზეც დღეს ხელს ვაწერთ, პარლამენტში არ შევა არავინ, თავისთავად, ვინც ხელს მოაწერს. შეიძლება გამონაკლისი იყოს. არ ვიცი, ყველა ვართ თუ არა ამაზე ჩამოყალიბებული. იქნება საკმაოდ მკაცრი პროტესტი კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავანიშნინოთ ვადამდელი ხელახალი არჩევნები…
მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთსულოვნება, რომელსაც შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად. ასევე, საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დარღვევების ის მასშტაბი და ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, მიწოდებული იქნება მათთვის და მათ სრული სურათი ექნებათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილი მასთან დისტანციურად ჩართული არაა.
ჩემთან დისტანციურად ის ჩართული არ არის და ვისთან არის ჩართული არ ვიცი, პოლიტიკა წყდება აქ, ამ ქვეყანაში, – ასე პასუხობს „სატრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კითხვას, უშლის თუ არა ხელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართულობა საერთო ოპოზიციური მიზნის მიღწევას. ვაშაძე გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბსურდული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანია.
„რაღაც აბსურდული და გაუგებარი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანია. დასაწყისიდანვე ვფიქრობ, რომ არასწორი იყო ის რიტორიკა, რომელიც წამოიწყო გუბაზ სანიკიძემ. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე ამას გაითვალისწინებს და გაიგებს. არაფერ შუაში არ იყო იქ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის კომპონენტი, პოლიტიკა წყდება აქ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრის ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციაში არეულობა არ არის, ის კონსოლიდირებულია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტმა კონსოლიდირებულ გარემოში მცირედი დისონანსი შეიტანა.
„ოპოზიციაში არეულობა არ არის. ის ძალიან კონსოლიდირებულია. გუშინ სამწუხარო ინციდენტი იყო, ეს ბატონი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებაა, რომელმაც ჩემი აზრით, კონსოლიდირებულ გარემოში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს წერტილოვანი ინციდენტი იყო. აბსოლუტურად კონსოლიდირებულია ოპოზიცია. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ხმები იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი ვერ წარმოადგენს ხალხის ნებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რასაც უამრავი ადამიანი ადასტურებს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება:
“2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.
ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, მასშტაბური აქცია დაანონსეს.