ორგანიზაცია Latin NCAP, რომელიც Euro NCAP–ის ლათინურ ანალოგს წარმოადგენს, გადაწყვიტა Kia–ს ახალი მოდელი შეემოწმებინა. ჰეტჩბეკმა ერთი ვარსკვლავიც კი ვერ დაიმსახურა და მძღოლისა თუ მგზავრების უსაფრთხოების თვალსაზრისით საშინელი შედეგი აჩვენა.
ორგანიზაცია Latin NCAP არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ლათინური ამერიკის ბაზარზე რეალიზებულ მოდელებს ამოწმებს. ამჯერად გამოცდის ჩაბარება მესამე თაობის Kia Picanto–ს მოუწია. მოდელი დილერებთან მხოლოდ ერთი უსაფრთხოების ბალიშითაა წარმოდგენილი და მას არც სტანდარტული სისტემები ABS თუ ESC აქვს. რასაც ვერ ვიტყვით ევროპულ ბაზარზე, სადაც შედარებით უკეთ დაკოპლექტებული ვერსია იყიდება.
კრაშ–ტესტის ფარგლებში ავტომობილს წინა და გვერდითი დაჯახების ატანა მოუხდა. ექსპერტებმა ფეხით მოსიარულესთან დაჯახების იმიტაციაც შექმნეს.
შედეგად „კიამ“ დაცულობის ნულოვანი დონე აჩვენა. სალონში ბავშვების უსაფრთხოება სპეციალისტებმა 29%–ით შეაფასეს. ზოგადი უსაფრთხოების სისტემების თვალსაზრისით მოდელმა 7% დაიმსახურა. ყველაზე დიდი 51% Picanto–მ ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის მიიღო.
ასე რომ Kia Picanto–ს ლათინური ვერსიის შეძენა კარგი აზრი ნამდვილად არ არის.
