LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არის სამხიარულო, სუფრაზე შესასრულებელი სიმღერა” – ია შუღლიაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

13
iashugliashvili2011

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ინოლა გურგულიას შვილი, მსახიობი და მომღერალი ია შუღლიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა შემოქმედებით ცხოვრებაზე, გადაცემის ბოლოს კი შედგა ორი ახალი სიმღერის პრემიერა სახელწოდებით,,გაზაფხულიდა ,,ფიფქები”. 

მოდი გავიხსენოთ შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა დედამ?

დედამ და მამამ ჩემი შემოქმედებით ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულეს, რადგან ორივე მუსიკოსები იყვნენ, მამა ატონალურ მუსიკაში ერთ-ერთი პირველი იყო. მართალია თვითონ ვერ მოესწრო, მაგრამ მიხარია, რომ მისმა მუსიკამ თავისი სათქმელი თქვა. სურათიც კი მაქვს, როდესაც ერთი წლიდან სცენაზე ვდგავარ. მომღერალი არ ვარ, თუმცა ჩემდაუნებურად ვმღერი. მიხარია თუ ცუდ გუნებაზე ვარ, სულ ვღიღინებ. მე და ჩემი ძმა, როდესაც დავიბადეთ, მაშინ დაიწყო საბავშვო სიმღერების წერა ინოლამ, ამიტომ ჩვენზე ამოწმებდა შესრულებას. ინოლას უწვრილესი ხმა ჰქონდა, ადრე ამსგავსებდნენ ჩვენს ხმებს, თუმცა ახლა დამიბოხდა. ვიყავი მსახიობ-ქალთა გუნდში, ნანა კალანდაძესთან, სადაც სულ მიწევდა მესამე-მეოთხე ხმაში მღერა.

შენიშვნებს და რჩევებს თუ გაძლევდა ხოლმე დედა სიმღერის შესრულებისას?

10 წლის ვიყავი, როდესაც ინოლა გარდაიცვალა, ამიტომ სამწუხაროდ არა. მანამდე კი საშინლად არ მიყვარდა სიმღერა და ძალით ვმღეროდი, ინოლა მთხოვდა სულ რომ სიხარულით და პოზიტივით მემღერა, მე კი თავს არ ვწევდი. შარშან ინოლას 90 წლის იუბილე იყო და საბავშვო სიმღერების საღამო გავაკეთეთ, კარგი საღამო გამოვიდა უბრალოდ წვიმის გამო არ დაგვცალდა. არ მიყვარს, როდესაც მას მადარებენ, ინოლა არის განუმეორებელი. მე უბრალოდ მემღერება და ვმღერი.

ახლა კი ვისაუბროთ თეატრსა და კინოზე, დავიწყოთ ფილმით  ”ჩემი ბედნიერი ოჯახი”, რომელმაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა..

ჩემი პროფესია ესაა, მთელი ჩემი არსებით ვემსახურები თუ ვინმეს რამეში ვჭირდები. ამ ფილმმა ახალი ცხოვრება დამაწყებინა იმ გაგებით, რომ დავიწყე საკუთარი თავის აღმოჩენა. გამაკეთებინა დიდი ნაბიჯი საკუთარ თავში, მომცა სითამამე და დადებითი დიდი გრძნობები, რომელიც ყოველთვის სჭირდება მსახიობს. თეატრი კიდევ განსხვავდება კინოსგან, მას სხვა ხიბლი აქვს. თეატრში ასეთი მნიშვნელოვანი ვიტყვი, რომ ჯერ არ გამიკეთებია. შემდეგ იყო პატარ-პატარა ფილმები, ახლაც ვაპირებდით რაღაცის გადაღებას, თუმცა ამ პერიოდმა შეგვაჩერა. მაქვს ბედნიერება, რომ ვიყო მუსიკისა და დრამის თეატრში, ჩემს უსაყვარლეს და ძალიან დიდ მეგობრებთან ერთად და ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც ახლახანს გამოვუშვით ოტია იოსელიანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული სპექტაკლი ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა და მოუხდა იმ გარემოს, ბატონ ოტიას ეზოში ვითამაშეთ.

ახლა კი ორი სიმღერის პრემიერა..

ერთი სიმღერა, რომელიც მოგიტანეთ არის ”გაზაფხული”  ინოლასი, თავისივე ტექსტით, არანჟირება კი ეკუთვნის თემურ მაისაშვილს. ეს არის ძველი და შედარებით უცნობი სიმღერა,  ინოლას სხვა სიმღერებისგან განსხვავებით. ხოლო მეორე სიმღერა დავწერე მე, პანდემიის პერიოდში. გოგოებმა გავაკეთეთ მესენჯერ ჩათი და საღამოობით ვკონტაქტობდით, მე კი ახალ-ახალი სიმღერებით ვეცხადებოდი მათ. არის სამხიარულო, სუფრაზე შესასრულებელი სიმღერა. თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ სიმღერებს ვწერ. ასევე მინდა დავაანონსო კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა ინოლას ”ფიფქები”, რომელსაც ვასრულებ ”თბილისური კვარტეტის” ბიჭებთან ერთად, არანჟირება კი თემურ მაისაშვილის გახლავთ.

 

ია შუღლიაშვილი – გაზაფხული კვლავ მოვა

 

ია შუღლიაშვილი & თბილისური კვარტეტი – ფიფქები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ია შუღლიაშვილი – მიმღერე. Live

 

ია შუღლიაშვილი – არა ხარ მარტო. Live

 

ია შუღლიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები