LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „ჩემ გვერდით ვერ ნახავთ გოგოს, რომელსაც სოცქსელში შიშველი ფოტოები უდევს ან ცუდი დოსიე აქვს…“

10419
master2011

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი შემოქმედების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსია ქართულ შოუბიზნესში. მან კარგად იცის, როგორ დაწეროს ისეთი სიმღერა, მელოდიაც და ტექსტიც, რომელიც მსმენელის დიდი რაოდენობით მოხიბვლას შეძლებს.

ბოლო დროს ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მისი და ნათია დუმბაძის ტანდემი. მათ ერთად ორი ჰიტი შექმნეს, „არ უყურო დროს“ და ნეკი-ნეკისა“, ხოლო შემდეგ მასტერმა მეგობარსა და კოლეგას სოპლოსიმღერა დაუწერა, თუმცა, როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღიარებს, რომ ძალიან უჭირს თავისი დაწერილი სიმღერების სხვებისთვის გამეტება.

მასტერს ინტერვიუსთვის და ფოტოსესიისთვის შევხვდით.

თვეში ერთხელ თითო ახალ სიმღერასა და კლიპს გვთავაზობ. ამას როგორ ახერხებ?

წინა თვეში კაბუსთან დუეტზე კლიპი რომ გამოვიდა, ეს კომპოზიცია ჯერ კიდევ 2019 წელს ჩავწერეთ. სიმღერებს სულ ვწერ, მერე კი ვახარისხებ იმის მიხედვით, რომელზე მინდა კლიპის გადაღება. როგრ ვახერხებ? პირველ რიგში, ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვმუშაობ – CHCHX Production. მტავარი კი საქმის სიყვარულია, თუკი გიყვარს შენი საქმე, ყველაფერი გამოგივა. ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, შუქნიშანზე მანქანას რომ გავაჩერებ და გვერდზე მანქანიდან ჩემი სიმღერა მესმის. თან, საკუთარი თავის იცი, რა მიკვირს? 16 წელია, ამ სფეროში ვარ და მისი სიყვარული არ მინელდება. იგივენაირი მოტივაცია მაქვს, რაც თავიდან მქონდა. მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დაალაგო, რა როდის უნდა გამოუშვა, ზოგი სიმღერა ზაფხულს უხდება, ზოგი – ზამთარს.

მუსიკოსებთან შედარებით, შენ მენეჯერობაც გეხერხება კარგად. უფრო პრაქტიკული ადამიანი ჩანხარ.

ძალიან პრაქტიკული ტიპი ვარ. წლების წინ მახსოვს, კლიპის გადღება მინდოდა, არ მქონდა ფული და გადავიღე „აიფონით“. შეიძლებოდა მეთქვა, ფული არ გვაქვს და მოდი, დავიცადოთ-მეთქი, მაგრამ მაინც უფრო მეტად შედეგზე ვარ ორიენტირებული. ბევრი რამ გათვლით უნდა გააკეთო და ამას ვაღიარებ. მაქვს სიმღერები, რომლებიც გათვლილად ჩავწერე – მაგალითად, ვიცოდი, რომ „დამსინეს“ ბევრი გამოხმაურება ექნებოდა. 11 მილიონი ნახვა აქვს.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი გამოხმაურება იქნება – მთავარია, იყოს?

არა, მაინც ისეთ ადამიანად დავრჩი, რომელიც კომენტარებს თვალს ადევნებს. ვერ ჩამოვიყალიბე, სიტყვაზე ამერიკელი ვარსკვლავების მიდგომა, რომელთაც პირველ წესად აქვთ, რომ კომენტარები არ უნდა წაიკითხონ. თუკი შევადარებთ, დადებითი კომენტარები მძლავრობს. ზოგადად, მნიშვნელოვანია, გქონდეს ისეთი პროგრამა, რომელიც გაიყიდება, ეს არის აუცილებელი. ვერ ვხედავ რეპერებს, ალბათ, ერთი-ორს ჩემ გარდა, რომელსაც შეუძლია საკუთარი პროდუქტის გაყიდვა. არ მიყვარს დაკონკრეტება, მაგრამ „კაიაკატას“ დავასახელებდი, გაყიდეს თავიანთი პროდუქტი.

წელს, მაგალითად, 24 სიმღერა გამოვუშვი, რვა არის მსუბუქი, რომელიც მასაზეა გათვლილი, დანარჩენი ისეთი კატეგორიისაა, რომელსაც არც ერთი რადიო არ დაატრიალებს. უფრო მეტად ჩემს გემოვნებაზეა გათვლილი და ისეთ მსმენელზე, რომელსაც ნამდვილი ჰიპ-ჰოპი უყვარს. ცხოვრება გიჩვენებს, რომ თუ გინდა, ამ საქმიდან ფული მიიღო, შოუ მაინც ბიზნესად უნდა აქციო.

ნათია დუმბაძესთან ბოლოს, როგორც მუსიკალურმა პროდიუსერმა, ისე იმუშავე. ამ კუთხით არ გიფიქრია საკუთარი თავის განვითარებაზე? ქართველ შემსრულებლებს უჭირთ ახალი ჰიტების დაწერა, შენგან განსხვავებით.

თუკი დააკვირდები, ბოლო დროს ძირითადად, რაც გაჰიტდა, ძველი სიმღერის ახალი ვერსიაა. ნათიასთან ერთად პირველ ტრეკზე რომ ვიმუშავეთ, „არ უყურო დროს“ – დიდი ბომბა გამოვიდა, შემდეგ კიდევ ერთი დუეტი გავაკეთეთ, რომელიც ასევე წარმატებული გამოდგა. ნათიას სოლოსიმღერაზე მუშაობისას ყველაფერი მეგობრულად მოხდა და არანაირი გათვლა არ მქონია, თავიდან ბოლომდე გავუკეთე სიმღერა. ნათია აქამდეც ჩანდა, რა თქმა უნდა, არ მინდოდა იმის დამტკიცება, აი, როგორ შეიძლება ნათია დუმბაძისგან ერთ წელიწადში შეიქმნას არტისტი, რომელიც ჩანს თავისი საავტორო სიმღერებით-მეთქი, მაგრამ ასე გამოვიდა. ეს არის გემოვნების და ინტუიციის თემა. ყოფილა სიმღერებზე, რომლებზეც მიფიქრია, ეს უეჭველი გაჰიტდება-მეთქი. ყოფილა დიდი იმედგაცრუებებიც, მითქვამს, ეს სიმღერა ბომბაა, ყველა აიტაცებს-მეთქი და არ ჰქონია იმდენი ნახვა.

მომღერლებს ძალიან უჭირთ საავტორო ახალი სიმღერების გაჰიტება. მინდა, ბევრი საავტორო სიმღერა იქმნებოდეს. ჩემი აზრით, ქართველი მომღერლები საკუთარ თავს ძირავენ. ერთს გააკეთებენ ახალს, მერე ისევ ძველს მღერიან. არ უსწორდებათ, რომ ძილის წინ მათი სიმღერა წაიმღერონ?

რაც შეეხება საპროდიუსერო ნაწილს – პირდაპირ ვიტყვი, დიდად კომფორტს არ მანიჭებს სხვაზე მუშაობა, თანხებზე თუ ვიტყვით, საქართველოში არ გადაიხდიან იმდენს, რომ მიღირდეს. იმდენად ორგანულია თითოეული აკორდი, რასაც ვუკრავ, თითოეული ფრაზა, რომ შემოქმედებითად ძალიან ძუნწი ვარ. ბევრი ჩემდა უნებურად გავანაწყენე. ბოლო ორი-სამი წელია, სხვებს ტექსტებსაც აღარ ვუწერ. ადრე ვუწერდი. ჩემი უამრავი სიმღერა მაქვს გასაკეთებელი. საქართველოში უარი არ გვიყვარს და ზოგი ვერ იგებს, მაგრამ ვცდილობ, დიპლომატიურად ავუხსნა.

საქართველოში რეპსამყაროში დიდი კონკურენციაა და ასევე ბევრი ცუდი შეფასება ერთმანეთის მიმართ ზურგს უკან…

ასეა. მე რომ ვიწყებდი, იმდენად ცოტა ხარისხიანი პროდუქცია იქმნებოდა, დუეტის გაკეთება თუ მინდოდა, სამი ადამიანის იქით ვერ წავიდოდი. ათ თითსაც გადასცდა, ახლა უკვე იმდენი კარგი არტისტია. პრობლემაა ის, რომ არ უყურებენ ფართოდ და მიჰყვებიან ერთ ჟანრს. მე ბევრი მიმართულებით ვმუშაობ, შეიძლება იყოს მძიმე, გასართობი, პაპსაც… არიან არტისტები, ჩართავ და ოცივე ტრეკი ერთმანეთს ჰგავს. თვითონ თუ მოსწონს, კარგი. კონკურენცია კი ნამდვილად არის. კარგად მუშაობენ ბიჭები. მე, სხვათა შორის, ყველაზე ნაკლებ შექებას ვიმსახურებ. არ ვიცი, რა არის მიზეზი და ვერც შურს დავასახელებ. ალბათ, ის, არ მოსწონთ, რომ უფრო მსუბუქი რაღაცები შევთავაზე ხალხს, სწყინთ მელოდიურობა, ამიტომაც ამბობენ, რომ მასტერი არ არის რეპერიო. ჩემი სიმღერების 70% მართლა ნამდვილი ჰიპ-ჰოპია, დანარჩენი კი, მუსიკოსი ვარ და რაც გამისწორდება, ვაკეთებ.

შენი საქმით ფულს შოულობ?

11 კონცერტი მქონდა ზაფხულში.

ბენდთან ერთად რომ მუშაობ, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა…

ჩემი ოცნება იყო ბენდთან ერთად მემუშავა. ერთი წელი ვკრებდი ბენდს, ძალიან რთული საქმე გამოდგა, იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ აღარ მინდოდა, თანაც, უფრო ხარჯიანია, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე. იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ სულ სხვა რამეა, მსმენელიც უფრო ერთობა. პანდემიის დროს ძალიან ბევრი კონცერტი გადაგვედო. კი, ჩვენი პროდუქტი იყიდება, იმდენად, რომ პროდიუსერიც კი მყავს, რომელიც ჩვენზე მუშაობს. ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს, მოვა ადამიანი და მართლა კარგ დროს გაატარებს.

ყველაზე მაგრად იცი, რა მიხარია? ადრე რეპერობა დაბალი დონის მუსიკასთან ასოცირდებოდა. გვისმენდნენ მარტო გარეუბნებში. ცენტრალური უბნები არ აღიარებდნენ. ახლა ჩემ სკონცერტებზე რომ მოდიხარ, ისეთ ადამიანებს ნახავ, რომლებიც ტრენდს ქმნიან. მაინც ტრენდი იქმნება ცენტრიდან, როგორ ცუდადაც არ უნდა გაიგოს მკითხველმა. მე და ბევრმა სხვა არტისტმა იმას მივაღწიეთ, რომ რეპი აღარ ტეხავს, არ ტეხავს რეპერის კონცერტზე მისვლა.

რეპერებზე თუ ვისაუბრებთ, გოგონებთან ურთიერთობით მარიაჟობა უყვართ… შენ გვერდით დიდად არავის აჩენ ხოლმე, რატომ?

არადა, სამარიაჟო მართლა გვაქვს. შეყვარებული მყავდა დიდხანს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა. არ ვიცი, ასე მოხდა. არასდროს გვითქვამს, ერთად არ გამოვჩნდეთო, მაგრამ მანძილიც პრობლემა იყო… მიზეზი ის არაა, რომ მუსიკოსს უნდა ჩანდეს, რომ მარტოა. ვერ გაიგებ, რა ჯობია. ზოგჯერ გოგოს არ უნდა გამოჩენა, რადგან თვითონაც ცნობილია. მე იმასაც არ ვეთანხმები, გოგონები ვისთანაც გაივლიან, ყველას ფოტოს რომ დებენ სოციალურ ქსელში და მერე წაშლა უწევთ. იმ გოგოს არც ვაფოლოვებ, რომელიც მომწონს. ასე მირჩევნია. თბილისი ძალიან პატარაა. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, კარგი იყო, ათ გოგოს რომ წერდე, ვერავინ გაიგებს, აქ კი ორს მისწერ და შეიძლება, ერთმანეთის ბიძაშვილები აღმოჩნდნენ.

პოპულარობის კომპლექსი ხომ არ გაქვს ურთიერთობაში?

მახსოვს, ერთ გოგოსთან შესახვედრად ძველი მანქანით გავედი. ჩემი შინაგანი კომპლექსი მინდოდა მომეკლა, რომ ჩემი მანქანა არაფერ შუაში იყო… ვცდილობ, მივხვდე ხოლმე, რა უნდა გოგოს ჩემგან, მაგრამ ყოველთვის ვერ მიხვდები. მაინც ვფილტრავ. ჩემ გვერდით ვერ ნახავთ ისეთ გოგოს, რომელსაც სოციალურ ქსელში ზედმეტად გახდილი, შიშველი ფოტოები უდევს. ან ჩემ გვერდით ვცდილობ, არ იყვნენ ისეთი გოგონები, რომლებსაც ცუდი დოსიე აქვთ.

ეს რას ნიშნავს?

აი, მაგალითად, დუბაის გოგონები.

დუბაის გოგონები?..

დუბაიში რომ მუშაობენ. ბევრი გოგო ვიცით თბილისში, „ინსტაგრამ-ვარსკვლავები“, რომლებიც დუბაიში მუშაობენ სხეულით. ვცდილობ, ამ გოგონებს გავერიდო, თუმცა ვიზუალურად კარგები არიან და შინაგანად გული გწყდება, რატომ… მაგრამ რომ უყურებენ ერთმანეთს, კარგად რომ ცხოვრობენ, თვითონაც უნდებათ. მოკლედ, ვცდილობ, ასეთ გოგოებს გავერიდო, მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ.

შენს გოგოს კარგი მუსიკალური გემოვნება უნდა ჰქონდეს?

იმდენად გართულდა ადამიანის არჩევა, რომ ფილტრებიც დაცოტავდა. ადრე გინდოდა, ასეთი და ასეთი ყოფილიყო, მაგრამ რა მუსიკალური გემოვნება? ყველაფერი რომ ჰქონდეს, ასეთი ჩვენს ქალაქში მართლა დიმიტრია გელოვანი. დედაჩემმა მკითხა ამას წინათ, შენს შეყვარებულს სმენა არ უნდა ჰქონდესო? ძალიან რთული გახდა ადამიანის არჩევა. გლობალიზაციამ ყველაფერი გადაყლაპა. ყველა იმას უყურებს, რომ მეტი კომფორტი ჰქონდეს, მაგრამ რის ხარჯზე? ყოველდღე კარგი მანქანებიდან „სთორები“ რომ დადო, ეს არის მნიშვნელოვანი? ვუყურებ ზოგიერთის „ინსტაგრამს“ და კვირაში ოთხ დღეს რომელიღაც სასტუმროში ატარებენ, ე.ი. აქვთ ამის შესაძლებლობა.

რა კრიტერიუმები დაიტოვე ბოლო-ბოლო?

ძალიან მარტივი ადამიანები მიყვარს. როცა გოგოს ჰკითხავ, კინოში წავიდეთო, თუ უნდა, რომ  წამოვიდეს, უნდა დამთანხმდეს. ბოლო დროს ძალიან თავმოყვარე გავხდი და ვფიქრობ, რომ გოგონების ასეთი მიდგომა ძალიან დამღლელია. გულწრფელობა მიყვარს. ასევე მომწონს, როცა ადამიანს რაღაც საქმე აქვს და ის მოსწონს. ძალიან ხშირად ვუსვამ გოგონებს ამ კითხვას: ოქროს თევზი რომ გყავდეს, რას სთხოვდი? ჩემმა ყოფილებმა ეს ინტერვიუ რომ წაიკითხონ, აუცილებლად ეცნობათ ეს კითხვა. დედას ვფიცავარ, 95%-ის პასუხი არის „რავი, აბა“, 5% კი თავს იმართლებს, ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია და არაფერს ვთხოვდიო. ოქროს თევზია, სთხოვე რა… ზოგს ფსიქოლოგიური ჩარჩო აქვს, პატარა სასტუმროების ქსელს ვთხოვდიო. რატომ პატარას? ოქროს თევზი გეჩითება (იცინის). ერთმა გოგომ მიპასუხა, ჟურნალ „ვოგის“ რედაქტორობა გამისწორდებოდაო. ძალიან მომეწონა.

31 წლის ვარ, მამაჩემი ყოველდღე მეუბნება, ცოლი მოიყვანეო და არც კი ვფიქრობ. ძალიან ბევრი რამე მინდა? არასდროს დადგება იმის დრო, რომ სარკეში ჩავიხედო და ჩემს თავს ვუთხრა, რომ აი, დრო დადგა და მთავრია ცოლი მოვიყვანო. ძალიან უნდა მიყვარდეს. მინდოდეს მასთან ერთად დაძინება და გაღვიძება. რომ გავიღვიძებ, სამზარეულოში კარტოფილის შეწვის დროსაც უნდა წარმოვიდგინო და ისიც უნდა მომეწონოს. ქორწილში რომ დაგპატიჟებ, ზუსტად გეცოდინება, რომ ის გოგო ძალიან მიყვარს. 31 წლის ვარ და ორი გოგოსთვის მითქვამს სულ, რომ მიყვარდა. ჩემს პირველ შეყვარებულს მესამე შეხვედრაზე ვუთხარი, მგონი, მიყვარხარ-მეთქი… ყოველთვის ვაანალიზებ, ვისთან რა ურთიერთობა მაქვს. მინდა, ერთგული ვიყო და ამაზე ვმუშაობ, მაგრამ ძალიან რთულია… შეყვარებული შორს რომ მყავდა, ეს კარგად ვერ გამომივიდა. ჩემი თავი მეც მაინტერესებს ამ მხრივ, რამდენად შევძლებ.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g