რუსთაველზე აქციები ბოლო 30 წელია, არავის გვიკვირს. თუმცა ყველა მათგანი გამორჩეული იყო.
რუსთაველზე გამართული აქციებიდან ბევრი ტრაგიკულად დამთავრდა. ალბათ, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს.
ექსპერტები ამბობდნენ, რომ მთავრობამ რუსთაველიდან ცხელი წერტილი ქუთაისში გადაიტანა, თუმცა ამანაც არ გაამართლა.
აქციების მოყვარული ქართველები არ წყვეტდნენ მცდელობებს, მიტინგებიდან შეეცვალათ არსებული რეალობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსთაველზე ყველა აქცია და მიტინგი განსხვავებული იყო, განსხვავებული მოთხოვნებითა და განსხვავებული მომიტინგეების რაოდენობით.
თუმცა გადავწყვიტეთ, 8-9 ნოემბრის მიტინგების დამახასიათებელი მომენტებზე გაგვემახვილებინა ყურადღება.
ანუ, ის, რაც მანამდე ქართველებს რუსთაველზე არ გვინახავს, იყო:
ქვეყნის მთავარ პროსპექტზე არ გვინახავს კიმ ჩენ ინი.
ოპოზიციურმა პარტიებმა, ჩრდილოეთ კორეის ქვეყნის ლიდერისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტო გააერთიანეს.
რუსთაველზე ამ დრომდე არ გვენახა ჰამაკი.
ერთ-ერთმა მომიტინგემ გადაწყვიტა, რუსთაველზე ჰამაკი გაება და იქიდან გაეგრძელებინა პროტესტი. პოლიციამ მიუთითა, რომ ეს არ შეიძლებოდა.
უცნაურია, მაგრამ ის გაფრთხილებისთანავე დაემორჩილა პოლიციას.
რუსთაველზე რასაკვირველია, გვინახავს მოცეკვავე მომიტინგეები, მაგრამ 9 ნოემბრის მოცეკვავეებმა, ნახვების რეკორდი მოხსნა. მოცეკვავე მამაკაცები აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ მათი გადასარჩენი საქართველო ალბათ არ არსებობს.
რუსთაველზე არ გვინახავს ჩართული წამზომი. ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად დრო მისცა. მოთხოვნები რასაკვირველია, მმართველმა გუნდმა არ შეასრულა.
მომიტინგეებმა რუსთაველზე ბურთი ითამაშეს. ეს გათბობის ერთ-ერთი საშუალებაც იყო და მომიტინგეებმა ამით კომენდანტის საათიც გააპროტესტეს.
რაც არ გვინახავს და ალბათ ყველაზე გასახარი, არის ის, რომ მომიტინგეები დანაგვიანებულ გამზირს ალაგებდნენ.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სადღაც გულის სიღრმეში, ყველას ძალიან გვიყვარს საქართველო და რუსთაველის გამზირი, პოზიციასაც და ოპოზიციასაც.
ოპოზიცია მიტინგებს კვლავ აანონსებს, შესაბამისად სანახავი კიდევ ბევრი გვაქვს.