ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მაია ყარყარაშვილი ესტუმრა, მომღერალმა ისაუბრა შემოქმედებითი ცხოვრების პირველ ნაბიჯებზე, ეთერის მსვლელობისას შეგვისრულა შოთიკო მაისურაძის ახალი სიმღერა ,,თბილისური ეზო”, რომელიც მაიასთვის ექსპრომტად დაიწერა.
როგორ დაიწყო შენი პირველი ნაბიჯები?
მივესალმები სრულიად საქართველოს და გისურვებთ ჯანმრთელობას, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან გვჭირდება. 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, დავდიოდი ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლებში. ალბათ მქონდა თანდაყოლილი ეს ნიჭი, ოჯახიდან ბოძებული. მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ მომღერალი გავმხდარიყავი და ასეც მოხდა. შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი, ვითამაშე კუზიანი მარტირიოს როლი სპექტაკლში ,,ბერნარდა ალფას სახლი”.

როგორ დაიბადა პირველი ჰიტი ,,თბილისო”, რომელმაც წარმატება მოგიტანა?
ეს იყო 1998 წელი, როდესაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. რუსა მორჩილაძეს ბევრი საინტერესო სიმღერები ჰქონდა შექმნილი, რომლის შერჩევა მოხდა ჩემთვის და ასევე დაიწერა ახალი სიმღერები ალბომის შესაქმნელად, სადაც შევიდა 13 სიმღერა, ერთი ჩემი და დანარჩები რუსასი, ეს იყო მისი საავტორო ალბომი ჩემი შესრულებით. მეხმარებოდა ჩემი და შორენა, არანჟირება იყო უნიჭიერესი ზაზა წურწუმიასი, პროდიუსერი კი მამუკა სააკაშვილი გახლდათ, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი იდეა ეკუთვნის ამ პროექტთან დაკავშირებით. ,,თბილისო”, როდესაც ჩავწერეთ, ყველამ ვთქვით, რომ გაჰიტდებოდა, ასეც მოხდა. თინა ნაცვლიშვილს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან მან შექმნა ალბომისთვის სიმღერის ტექსტები.
შენ არა ერთი მუსიკალური, საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ხარ, ამაზეც რომ გვესაუბრო..
93 წელს ჩატარდა ,,იალტის” საერთაშორისო კონკურსი, სადაც პირველად გავხდი მეორე პრემიის ლაურეატი, ეს იყო ჩემი სოლო გამოსვლა. შემდეგი იყო 95 წელს ,,აზიის ხმები”, იქაც გავხდი ლაურეატი. ვიმღერე მეგრული ნანა, თანამედროვე გაორკესტრებული ჩელა და ვცეკვავდი მთიულურს, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. 96 წელს იყო ,,სლავური ბაზარი”, სადაც ისევ მეორე პრემიის ლაურეატი გავხდი. ,,ოქროს შლაგერზე” გავხდი პირველი პრემიის ლაურეატი, ,,ვილნიუსის ხმებზე” კი მეორე პრემიის. 98 წელს ირლანდიაში ავიღე საუკეთესო ქალის ხმის ნომინაცია, 60 ქვეყანას შორის.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მაია ყარყარაშვილი & შოთა მაისურაძე – თბილისური ეზო. Live
მაია ყარყარაშვილი & შოთა მაისურაძე – შემოდგომის წვიმა. Live
მაია ყარყარაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





