ფილმებს დაუვიწყარს გარდა სამსახიობო ქასთისა და საუნდტრეკებისა, გარემო ხდის. კინემატოგრაფიამ არაერთი დასამახსოვრებელი სახლი დაგვიტოვა, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში, დანახვისთანავე გვაბრუნებს.
„ფორტუნა“ გთავაზობთ 10 ულამაზესი სახლის ფოტოს, ლეგენდარული კინოფილმებიდან
შვებულება /Holiday
რომანტიკuლი მელოდრამა ქეით უინსლეტის, კემერონ დიასისა და ჯუდ ლოს მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტის ცენტრში ორი ერთმანეთისთვის უცნობი ქალბატონია, რომლებიც შვებულებისას ერთმანეთს სახლებს გაუცვლიან. ყველას გვახსოვს ის თოვლიანი ადგილი, სადაც კემერონ დიასის გმირი ზამთრის არდადეგებზე მიემგზავრება და ნამდვილ სიყვარულს პოულობს. სიუჟეტის მიხედვით, სახლი კანადაში მდებარეობს, თუმცა რეალურად ის ინგლისში, ლონდონიდან 40 წუთის სავალზეა.
უბის წიგნაკი / Notebook
სიყვარულის ეპიკური ისტორია, რომელიც ვერავის დატოვებს გულგრილს. რაიან გოსლინგისა და რეიჩელ მაქადამსის გმირების ისტორია ყველამ ზეპირად იცის, ისევე როგორც ცნობილი სახლი, რომელიც გოსლინგის გმირს ეკუთვნოდა. ის სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს და მისი ხილვა ყველა მსურველს შეუძლია.
ქარწაღებულნი / Gone with a wind
ესა არის კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი სახლი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. სახლის მშენებლობა 1939 წელს დასრულდა, სწორედ ამ წელს გადაიღეს ფილმიც. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე სახლის ფასადი რამდენჯერმე შეიცვალა და მისი დათვალიერების საშუალება ტურისტებსაც მიეცათ.
ტოსკანის მზის ქვეშ / Under the Tuscan sun
ვილა სახელწოდებით „ბრამოსალი“ ფილმიდან „ტოსკანის მზის ქვეშ“ რეალურია და სწორედ ისეთივე ლამაზია, როგორც ფილმში. დაიან ლეინის ერთ-ერთი საუკეთესო როლი ეკრანზე, სადაც ის 35 წლის მწერალს განასახიერებს, რომელიც სან-ფრანცისკოდან იტალიაში მიემგზავრება.
პატარძლის მამა / The Father of the Bride
კიდევ ერთი რომანტიკული ფილმი, სადაც მთავარ როლებს სტივ მარტინი და დაიან კიტონი ასრულებენ. ფილმში მოვლენები უზარმაზარ სახლში ვითარდება, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. ამბობენ, რომ რეალურად გადაღებები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა, თუმცა, მთავარი ადგილი მაინც კალიფორნიის ვილაა, რომელიც 2011 წელს 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მარტო სახლში / Home alone
ეს ულამაზესი საშობაო სახლი 1990 წელს გადაღებული ფილმიდან დღემდე შემორჩა ჩვენს მეხსიერებას. წითელი აგურის სახლი ჩიკაგოში მდებარეობს და მისი მფლობელები ჯონ და სინტია აბენდშიენები არიან, რომლებიც კინოსურათის გადაღებების დროს ძირითადად სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ. სახლის ღირებულება 2.4 მილიონი დოლარია.
შემხვდი სენტ-ლუისში / Meet me is St. Louis
ფილმი 1944 წელსაა გადაღებული და სმიტების ოჯახის ისტორიას გვიყვება. უზარმაზარი სახლი ამ კინოფილმიდან 5135 წელს აშენდა, ის ამ ფილმის სცენარის ავტორმა სალი ბენსონმა 1891 წელს შეიძინა და მოგვიანებით ის კინოკომპანია MGM-მმა გადააკეთა.
ნაცრისფერი მინდვრები / gray gardens
ესაა 1975 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც 2010 წელს ამერიკის ბიბლიოთეკის კონგრესის მიერ ფილმების ნაციონალურ რეესტრში შევიდა, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი კინოსურათი. სახლი, სადაც ფილმია გადაღებული, 1897 წელს აშენდა და 1979 წელს ის „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორმა ბენ ბრედლიმ შეიძინა.
თენენბაუმების ოჯახი / The Royal Tenenbaums
ფილმის რეჟისორმა, ვეს ანდერსონმა სახლი ჯერ კიდევ მაშინ იპოვა, სანამ ფილმის სცენარზე მუშაობას დაიწყებდა. სახლი, რომელიც ახლა კერძო საკუთრებაა, ანდერსონისთვის შთაგონების წყარო გახდა. გადამღებმა ჯგუფმა ნიუ-ორკში მდებარე სახლი 6 თვის განმავლობაში იქირავა.
დიდი გეთსბი / Great Gatsby
ულმაზესი სასახლე, რომელსაც მაყურებელი ხედავს ბაზ ლურმანის გახმაურებულ ფილმში „დიდი გეთსბი“ 1928 წელსაა აშენებული. სახლი ლონგ-აილენდზე მდებარეობს და ის 2015 წელს 100 მილიონ დოლარად შეფასდა. იმის გამო, რომ სახლს მყიდველი არ გამოუჩნდა, მისი ამჟამინდელი ღირებულება 85 მილიონი დოლარია.