„რომაული არდადეგები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული რომანტიული კომედიაა მსოფლიო კინოს ისტორიაში, რომელმაც დამწყებ მსახიობს, ოდრი ჰეპბერნს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ისევე, როგორიც ყველა ფილმის, „რომაული არდადეგების“ შესახებაც არსებობს უცნობი და საინტერესო ფაქტები, რომლებსაც ამ სტატიაში გავეცნობით…
გრეგორი პეკის მოთხოვნით, ტიტრებში ოდრის სახელი მისი სახელის გვერდით დაიწერა
„რომაულ არდადეგებში“ მოწვევისას ოდრი ჰეპბერნი დამწყები მსახიობი იყო, გრეგორი პეკი კი უკვე შემდგარი ვარსკვალავი ოთხი ნომინაციით „ოსკარზე“. ამიტომ ტიტრებში გრეგორი პეკის სახელი მსხვილი შრიფტით ეწერა. თუმცა მსახიობის მოთხოვნით, მისი სახელის გვერდით, ზუსტად ისეთივე შრიფტით ოდრის სახელიც დაწერეს. „ეს გოგონა ამ ფილმისათვის „ოსკარს“ მიიღებს. ის ამას იმსახურებს“, – იწინასწარმატყველა მან.
ფილმის ცნობილ სცენაში ოდრი ჰეპბერნი ნამდვილად ტირის
სცენაში, რომელშიც პრინცესა ანა ჯო ბრედლის ემშვიდობება, ოდრი ჰეპბერნი ნამდვილად ტირის. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მას ფილმის რეჟისორი, უილიამ ვაილერი წაეჩხუბა.
საქმე იმაშია, რომ სცენისათვის ატირება ოდრიმ ვერაფრით შეძლო და გადაღება უსაშველოდ გაიწელა. მოთმინებიდან გამოსულმა ვაილერმა ოდრის უყვირა: „გინდა, რომ მთელი ღამე აქ ვიყოთ? რატომ არ ტირი?“.
ფილმი შავ თეთრი იმიტომაა, რომ „პარამოუნთმა“ ფული დაზოგა…
ბევრს ჰგონია, რომ უილიამ ვაილერი ძვემოდური რეჟისორი იყო და ამიტომაც, „რომაული არდადეგები“ შავ-თეთრი ფილმია. თუმცა სინამდვილეში საქმე სტუდიის სიძუნწეშია. „პარამოუნთს“ არ სურდა, ფილმი რომში გადაეღოთ. ისინი რეჟისორს სთავაზობდნენ აშშ-ში მოეწყოთ პავილიონები, რაზეც უაილერმა უარი განაცხადა. შედეგად, სტუდიამ ფილმის რომში გადაღება იმ პირობით დააფინანსა, რომ ფირი შავ-თეთრი იქნებოდა და ეკონომიის გაკეთება ასე იქნებოდა შესაძლებელი.
თავიდან „რომაულ არდადეგებში“ ელიზაბეტ ტეილორის და კერი გრანტის მოწვევა იგეგმებოდა, ფრენკ კაპრა კი რეჟისორი უნდა ყოფილიყო.
„რომაული არდადეგების“ გადაღება ფრენკ კაპრას ჯერ კიდევ 40-იან წლებში სურდა. „ცხოვრება მშვენიერიას“ და „მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიემგზავრებას“ ავტორს მთავარი როლების შემსრულებლებიც შერჩეული ჰყავდა: ელიზაბეტ ტეილორი და კერი გრანტი. ცოტა არ იყოს უხერხული სანახავი კი იქნებოდა ამ ფილმში 16 წლის ტეილორის და 44 წლის გრანტის პარტნიორობა, თუმცა ამ ყველაფრის ხილვა არავის მოუწია, რადგან კაპრამ „პარამოუნთთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა. მიზეზი ფილმისათვის გამოყოფილი დაბალი ბიუჯეტი იყო. მან პროექტი სტუდიას 1949 წელს მიჰყიდა.
კომპანია „ვესპამ“ ფილმის წყალობით უამრავი სკუტერი გაყიდა
იტალიური კომპანია 1946 წლიდან საკმაოდ წარმატებულად ყიდდა ქვეყანაში თავის წარმოებულ სკუტერებს, თუმცა „რომაული არდადეგების“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ სკუტერების პოპულარობა უზომოდ გაიზარდა იტალიის საზღვრებს გარეთაც. „ვესპას“ სკუტერი ხომ არა მხოლოდ კადრებში ჩანს, არამედ ფილმის პოსტერზეცაა გამოსახული. პრემიერიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში სკუტერების გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა, მათმა საერთო რაოდენობამ 500 000 შეადგინა.
„რომაული არდადეგების“ გადასაღებ მოედანზე გრეგორი პეკი თავის მეორე ცოლს შეხვდა
ვერონიკა პასანი ჟურნალისტი გახლდათ, რომლეიც გრეგორი პეკისათვის ინტერვიუს ჩამოსართმევად რომში ჩავიდა. მაშინ პეკი თავის პირველ ცოლზე, გრეტა კუკონენზე იყო დაქორწინებული. წყვილს საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონდა, ერთად კი მხოლოდ თავიანთი სამი შვილის გამო რჩებოდნენ. ვერონიკა პასანისთან შეხვედრა პეკისთვის სიგნალი აღმოჩნდა, რომ დრო იყო განქორწინების პროცესი დაეწყო. გრეგორი და ვერონიკა 1955 წელს დაქორწინდნენ.
„რომაული არდადეგების“ რიმეიქიც არსებობს, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ ის არ გვახსოვს…
1987 წელს NBC-ზე ლეგენდარული ფილმის ტელე-ვერსიის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს კეტრინ ოქსენბერგი და ტომ კონტი ასრულებდნენ. პროექტმა ძალიან ცუდი შეფასება დაიმსახურა და დაბალი რეიტინგის გამო მალევე დაიხურა.
ოდრი ჰეპბერნს პრინცესა ანას როლისათვის მიღებული „ოსკარი“ საპირფარეშოში დარჩა
ოდრიმ „ოსკარის“ ცერემონიაზე დააგვიანა და ამის გამო პირდაპირ სცენაზე ასვლა მოუხდა. მღელვარების, ან იმის გამო, რომ კიბეზე არბენა მოუწია, მსახიობი სამადლობელი სიტყვისას ძლივს სუნთქავდა. მიღებული „ოსკარი“ კი ქალთა საპირფარეშოში დარჩა. ბუნებრივია, კუთვნილი ოქროს ქანდაკება ჰეპბერნს მალევე დაუბრუნეს.