ხელნაკეთი აქსესუარები საქართველოში უფროდაუფრო პოპულარული ხდება. მათ შორის, გაორმაგებულია მოთხოვნა ნატურალური ხისგან დამზადებულ სათვალეებზე. როგორც ”ფორტუნას” ქართული ბრენდის Bros eyewear-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირაკლი გამთენაძემ განუცხადა, მისი კომპანიის გაყიდვებმა ბოლო რამდენიმე თვეში საგრძნობლად მოიმატა.
”ჩვენი ხის სათვალეების გაყიდვებს ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ათვისებული გვაქვს სრულიად საქართველო. მოთხოვნა Bros eyewear-ის სათვალეებზე საკმაოდ დიდია. იმის გამო, რომ მოთხოვნა მიწოდებას აღემატებოდა, ჩვენს სახელოსნოში დამატებითი კადრის აყვანა მოგვიხდა” , – აცხადებს გამთენაძე.
მისივე ინფორმაციით, Bros eyewear ამ ეტაპზე 16 მოდელის სათვალეს აწარმოებს, ასევე სათვალის ჩასადებს და სხვადასხვა აქსესუარებს. სათვალეების ღირებულება 245-დან 450 ლარის ფარგლებშია. როგორც ირაკლი გამთენაძე ამბობს, Bros eyewear-ის სათვალეები მაღალი ხარისხით გამოირჩევა – ლინზები შეესაბამება ყველა სტანდარტს და ყველა მოდელს აქვს 100%იანი UVA/UBV დაცვა.
ბრენდის დამფუძნებლის ინფორმაციითვე, ადგილობრივი ბაზრის გარდა Bros eyewear-ის ხის სათვალეებით უცხოეთშიც ინტერესდებიან. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს რუსულ და ყაზახურ მხარესთან, სადაც ახლო მომავალში, შესაძლოა, ქართული ბრენდის სათვალეები ექსპორტზე გავიდეს.
ცნობისთვის, Bros eyewear 2015 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ძმები ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან. ბრენდი #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებშიც მონაწილეობს. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი 661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.