LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედის მესამე სხივი – ,,ოქსფორდის” და ,,ასტრასენეკას” ვაქცინა “კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ მაღალეფექტურია

233
-115606176-hi062612825

,,ოქსფორდის” უნივერსიტეტის და ,,ასტრასენეკას” მიერ შექმნილი ვაქცინა 70%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, ეს კი უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე გრიპის ვაქცინას აქვს.  თუმცა დოზირების შეცვლის შემთხვევაში, მისმა ეფექტურობამ შესაძლოა 90%-ს მიაღწიოს.

მიუხედავად იმისა,რომ ,,ოქსფორდის” ვაქცინა ეფექტურობით ოდნავ ჩამორჩება ,,ფაიზერის” და “მოდერნას” ვაქცინებს, დიდი ალბათობით მსოფლიოში ყველაზე ფართოდ სწორედ ის გავრცელდება, რადგან ბრიტანული ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ პირობებშიც შესაძლებელია და დანარჩენი ორი ვაქცინისაგან განსხვავებით, სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს არ მოითხოვს.

ვაქცინის შემოქმედის, პროფესორ სარა გილბერტის თქმით, ,,ოქსფორდის” ვაქცინა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პანდემიის დასასრულისაკენ.

ვაქცინის შემქნას ხშირად ათწლეული სჭირდება, ეს ვაქცინა კი რეკორდულ დროში, ათ თვეში დამზადდა. მისი გამოცდის მესამე ეტაპში გაერთიანებული სამეფოდან და ბრაზილიიდან 20 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. მათ ნაწილს ვაქცინა, ნაწილს კი პლაცებო გაუკეთდა.

კვლევამ უჩვენა, რომ იმ მოხალისეებში, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა გაუკეთდათ, კოვიდ-19-ით 30 ადამიანი დაავადდა, ხოლო  მათ შორის, ვინც პლაცებოთი აიცრა, 101 შემთხვევა დადასტურდა.  არცერთ მოხალისეს, რომელიც ვაქცინით იყო აცრილი, არ გაუარესებია მდგომარეობა და არც ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებია.

ეფექტურობის მაჩვენებელი 70%-ით განისაზღვრა, რაც სეზონური გრიპის ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელს აღემატება. თუმცა ნიშნული კიდევ უფრო გაუმჯობესდა 3000 ადამიანის მონაცემების მაგალითზე, რომლებმაც პირველ ჯერზე ვაქცინის ნახევარი დოზა, ხოლო მეორე ჯერზე უკვე სრული დოზა მიიღეს.

პროფესორ ენდრიუ პოლარდის განცხადებით, ეს შესანიშნავი, ფანტასტიური შედეგია და იმას მოწმობს, რომ “ოქსფორდში” უკვე შექმნილია ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის”.

გარდა ამისა, ანალიზის მიხედვით მაღალია ალბათობა იმისა, რომ ვაქცინა ამცირებდეს უსიმპტომო პაციენტების რაოდენობასაც, რომლებიც ვირუსის გამავრცელებლები არიან.

,,ოქსფორდის” ვაქცინა ,,ფაიზერის” და ,,მოდერნას” ვაქცინებისგან განსხვავებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. ზემოთხსენებული ვაქცინები სარს-კოვ-2-ის გენეტიკურ მასალას შეიცავენ, “ოქსფორდის” ვაქცინა კი გენეტიკურად მოდიფიცირებულ გაციების გამომწვევ ვირუსს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე კორონავირუსის ცილოვანი “წვეტების” შემადგენელ ცილებს უშვებს. საპასუხოდ, იმუნური სისტემა მისი საწინააღდმეგო ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. შესაბამისად იმ დროს, როდესაც ორგანიზმი რეალურ ვირუსს ხვდება, იმუნურმა სისტემამ ზუსტად იცის, თუ როგორ მოიქცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ოქსფორდის” ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე “მოდერნას” ან “ფაიზერის” ვაქცინის, ის მაინც უფრო ეფექტურია, ვიდრე გრიპის ვაქცინა. გარდა ამისა, ბრიტანული ვაქცინა გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი იქნება, რადგან მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც შეიძლება. ვაქცინის დაბალ ფასს “ოქსფორდის” და “ასტრასენეკას” შეთანხმება განაპირობებს, რომლის თანახმადაც ფარმაცევტული კომპანია მზადაა ვაქცინა მინიმალურ ფასად მიაწოდოს დაბალი და საშუალო შემოსავლისმქონე ქვეყნებს.

,,ჩვენი ვაქცინა არ არის გათვლილი მოგებაზე, რადგან ჩვენი მიზანია ის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება ფართო მასებისათვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელთ გვაქვს ეფექტური ვაქცინა” – განაცხადა “ასტრასენეკას” უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, პასკალ სორიომ.

ამ ეტაპზე, დანარჩენი ორი ვაქცინის მსგავსად, ,,ოსფორდის” ვაქცინაც რეგულატორების გადაწყვეტილების და ლიცენზიის მიღების მოლოდინშია. “ბი ბი სის” ცნობით, დიდი ალბათობით ვაქცინის გამოყენების ნებართვა უახლოესი კვირების განმავლობაში იქნება გაცემული.

იქამდე კი ვაქცინით უფრო მეტი მოხალისე აიცრება. მომდევნო კვლევის ფარგლებში მას აშშ-ში, კენიაში, იაპონიასა და ინდოეთში საერთო ჯამში 60 000 მოხალისე მიიღებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g