„SOS!!! კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა ბავშვებში აუტიზმს იწვევს,“ – მსგავსი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება. პოსტის ავტორი ფრანგი მედიკოსების კვლევაზე საუბრობს, თუმცა მასალაში წყარო მითითებული არ არის.
რა კავშირი აქვს აუტიზმს და ელექტრონულ გაჯეტებს ერთმანეთთან?
ბავშვთა ფსიქოლოგი, ნატა მეფარიშვილი, ქართველ მშობლებს ამშვიდებს და ამბობს, რომ აუტისტური ქცევა, რომელიც დიდხანს კომპიუტერთან ჯდომამ შეძლება, გამოიწვიოს, აუტიზმი არ არის.
„ის, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან დიდხანს ყოფნა აუტიზმის იწვევს, არასწორია. აუტიზმი თავის ტვინის ნეიროგანვითარების დარღვევაა და ამ დიაგნოზის ასე ხელაღებით დასმა არ ხდება. როცა საუბარია მსგავსი შინაარსის კვლევაზე, მას თან სანდო წყაროც უნდა ახლდეს. ზოგადად, სერიოზული ხასიათის კვლევები ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა, ბავშვის ქცევა ჰგავდეს აუტისტურ ქცევას , სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თუმცა აუტიზმის კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომით გამოწვევა შეუძლებელია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი.
ფსიქოლოგთა პრაქტიკაში არის შემთხვევები , როცა ბავშვი არ საუბრობს, არ გიყურებს, არ ურთიერთობს, ჰგავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს. მას შემდეგ, რაც მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს და იწყებენ პრობლემაზე მუშაობას, ეს სიმპტომებიც ქრება.
პრობლემები, რომლებსაც ბავშვებში კომპიუტერთან ან ტელეფონთან გატარებული საათები იწვევს, ისედაც საკმარისია.
- აგრესია;
- განვითარების შეფერხება;
- სიმსუქნე;
- ძილის პრობლემები;
- დეპრესია;
- შფოთვა;
- ყურადღების დეფიციტი;
- სირთულეები სწავლისას;
- ფსიქიკური აშლილობა.
„ბავშვები ჩვენი მომავალია, მაგრამ მათ არა აქვთ მომავალი ვირტუალურ სივრცეში“
მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ელექტრონული თამაშები – ბავშვთა ფსიქოლოგები და პედიატრები ფიქრობენ, რომ დრამატულად გაიზარდა ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა, მათ შორის ძალიან პატარა ასაკის ბავშვებშიც, რაც რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშიც კი ხდება.ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ვირტუალურ სივრცეში, რეალურ სამყაროში უჭირთ მოქმედება და ურთიერთობა, – ამბობენ სპეციალისტები.
კანადელმა ბავშვთა ფსიქოლოგებმა ინტერნეტზე დამოკიდებული და სოციალური ბავშვების განვითარების პირამიდა შეადგინეს.
რა დროს უნდ ატარებდეს ბავშვი ეკრანთან
ბავშვები, რომლებიც 7 საათზე მეტ დროს ატარებენ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანთან, იზოლირებული არიან გარშემომყოფებისგან, არ ურთიერთობენ მშობლებთან და თანატოლებთან.
ამერიკისა და კანადის პედიატრთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ ერთობლივ გაიდლაინში ასაკობრივად არის განსაზღვრული და ლიმიტირებული ბავშვისა და ელექტრონული გაჯეტების ურთიერთობის დრო. მშობლებისთვის საახელმძღვანელო ცხრილი ასე გამოიყურება:
0-2 წელი | დაუშვებელია |
3-5 წელი | 1სთ/დღეში |
6-12 წელი | 2სთ/დღეში |
თამუნა გოგუაძე