„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს,“ – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვაში ბრალდებული, გიორგი მამალაძე, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), საქართველოს პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში,” – აცხადებენ პროკურატურაში.