საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და „მთავარი არხის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის კლინიკამდე მიყვანა ვერ მოხერხდა და ის კორონავირუსით გარდაიცვალა, სიცრუეს უწოდებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე 112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ“.
უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.
„სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია მიმართვაში.